
ლაშა საკანია: «ქართველებთან არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა — ეს წმინდად ჰუმანიტარული აქცია იყო»
24/08/2020 07:59:41 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, პარტია «აფხაზეთის სახალხო ფრონტის» ხელმძღვანელი ლაშა საკანია ქართულ მხარესთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლებთან შეხვედრას კი, რომელსაც სულ ორიოდ დღის წინ ასევე უარყოფდა, ახლა «წმინდად ჰუმანიტარულ აქციას» უწოდებს.
მოსკოვიდან დაბრუნებული საკანიას ახალი კომენტარი დღეს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. მასში, კერძოდ, ნათქვამია:
«მინდა, სიცხადე შევიტანო იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება აფხაზურ საზოგადოებასა და სოცქსელებში და რომელთან დაკავშირებითაც ახსენებენ ჩემს სახელს. აგვისტოს დასაწყისში მომმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და მთხოვეს, დახმარება გამეწია საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის ილორის მონასტრისთვის ძღვენის სახით გადაცემაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დავით თარხან-მოურავმა მიმართათ. შესაბამისად, რუსმა მეგობრებმა მთხოვეს, მომეხდინა აფხაზეთში ჩამოსვლის და ხატის გადაცემის ორგანიზება, რაც გაკეთდა კიდეც. ამით ჩვენი მისია ამოიწურა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემს თანაგუნდელ ალექსანდრე აგრბას, რომელიც ჩემი თხოვნით წამომყვა, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია- ეს წმინდად ჰუმანიტარული აქცია იყო, რომლის შესახებაც რუსმა მეგობრებმა ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე მთხოვეს. ხალხმა ხატი ჩამოიტანა, მონასტერს გადასვა და ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან არავის უცდია ამის გასაიდუმლოება და მით უფრო ამის პოლიტიკად ქცევა. როგორც მორწმუნეები, გულწრფელად ვთვლით, რომ ხატის გადაცემა კეთილი და ღვთისნიერი საქმეა. გალის რაიონის ხელმძღვანელობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საქმის კურსში სწორედ იმიტომ არ ჩავაყენე, რომ ამ ჰუმანიტარულ ღონისძიებას პოლიტიკური სტატუსი არ მისცემოდა».
იხილეთ ასევე: "ნადარაია ბჟანიას მრჩეველს მოუწოდებს, ირმა ინაშვილთან შეხვედრა დაადასტუროს ან უარყოს"