ბურჯანაძე – „პატრიოტთა ალიანსის“ კრემლისგან დაფინანსებაზე:„ნორმალური ქვეყანა გამოძიებას დაიწყებდა“
25/08/2020 12:59:55 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას გამოძიება უკვე დაწყებული ექნებოდა.
"ვფიქრობ, თავად „პატრიოტთა ალიანსი“ პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით.
არც უნდა ყოფილიყო საჭირო ელენე ხოშტარიას მიერ შეტანა იმიტომ, რომ პროკურატურა რომ პროკურატურის ადგილზე იყოს, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ გამოძიება", - განაცხადა ბურჯანაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
25 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ "დოსიეს" მასალებზე დაყრდნობით, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართა.
„პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ „ტყუილი ინფორმაცია“ ენმ–მ და „ევროპულმა საქართველომ“ მიაწოდეს ორგანიზაციას.
თავის მხრივ ორგანიზაცია „დოსიემ“ გამოქვეყნა დოკუმენტირებული მასალა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კრემლი „პატრიოტთა ალიანსს“ ეხმარება, მათ შორის საუბარია ფინანსურ მხარდაჭერაზე.


