სესიაშვილი – არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე: "ოკუპანტს არ სძინავს"
31/08/2020 15:55:09 პოლიტიკა
ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, რუსული ფული სხვადასხვა გზებით ხვდება გარკვეულ ჯგუფებში.
„მე არ დავაკონკრეტებ, თუმცა, ეს არის რბილი ძალის გასატარებლად. ამაზე საუბარი გვქონდა კომიტეტის დახურულ სხდომაზე, როცა სუს- ის ანგარიშს ვისმენდით. არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის აქვს ადეკვატური რეაგირება", - განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო უნდა ელოდოს, რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა.


