საგანელიძე ამბობს, რომ ელოდება, როდის გაიხსნება მამისონის უღელტეხილი
03/09/2020 11:51:05 პოლიტიკა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, რომ ელოდება, როდის გაიხსნება მამისონის უღელტეხილი და ის აუცილებლად უნდა გაიხსნას.
ინფორმაციისთვის: მამისონის უღელტეხილი რუსეთს საქართველოსთან აკავშირებს.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს, რადგან ეს ონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი.
"ველოდები, ერთი სული მაქვს, როდის გადმოვალთ სულ ყველა ახალი გზით ონში. ველოდები, როდის გაიხსნება და აუცილებლად გაიხსნება მამისონი და აუცილებლად უნდა გაიხსნას. ჩვენ უნდა დავალაგოთ უერთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, იმიტომ რომ ეს გზა ონისთვის და ამ კუთხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად ამისთვის", — განაცხადა საგანელიძემ ონში კუთხის განვითარების შესახებ საუბრისას.
იხილეთ ასევე: კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე – ჰაკერებმა დოკუმენტები მოიპარეს
განახლება
საგანელიძე მედიას მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს და ამბობს რომ კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა.
მისი თქმით ის ონის კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა, სადაც ყურადღება გაამახვილა მამისონის გზის მნიშვნელობასა და ონის ულამაზეს რაიონზე, რომელიც მისი თქმით, გარკვეულწილად ჩიხში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ცხინვალისა და მამისონის გზები ჩაიკეტა:
“დღეს ონის რაიონს ტურისტული განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ მომავალ წელს გაიხსნას საჩხერე-შქმერი-ონის გზა, რომლის იდეის ავტორი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მეც გახლდით. იქვე აღვნიშნე, რომ ასევე, უნდა ვიფიქროთ ონი-ღები-უშგული-მესტიის ახალი გზის პროექტზე, რომელიც რაჭას სვანეთთან დააკავშირებს და თბილისიდან წამოსული ტურისტი უმოკლესი გზით, რაჭის გავლით მოხვდება სვანეთში.
ამასთანავე, იმედს გამოვთქვამ, რომ აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და რაჭაში ისევ ცხინვალის გზით ვივლით. ალბათ, გაიხსნება მამისონის გზაც, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე ონში. ჩემი სიტყვების ნებისმიერი სხვა სახით ინტერპრეტაცია გახლავთ მიზანმიმართული კამპანია და ყველას მოვუწოდებ, თავი აარიდონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას” – აცხადებს საგანელიძე.


