კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე – ჰაკერებმა დოკუმენტები მოიპარეს
03/09/2020 10:46:06 სამართალი
კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტები მოიპარეს,– ამის შესახებ საქართველოს შსს იუწყება.
განცხადებიდან ირკვევა, რომ კიბერთავდასხმა 1 სექტემბერს მოხდა.
შსს–ს თანახმად, ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება რომ:
„2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.
ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ“.
შსს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე საქართველოზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პარტნიორი ქვეყნების ჩართვით წარმოებული გამოძიებით რუსული სადაზვერვო სამსახურის კვალი გამოიკვეთა.
ინფორმაციისთვის: ლუგარის ლაბორატორია წლებია, რუსული დეზინფორმაციის სამიზნეა, მათ შორის 2 სექტემბერსაც გაჟღერდა მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი.
იხილეთ ასევე
- პანდემიის პერიოდში საქართველოში რუსული დეზინფორმაციის 7 მიმართულება გამოავლინეს
- ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ბრძოლა, ამჯერად - შევჩენკოსგან
- მოსკოვის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი: “აშშ-მა ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად უპილოტო საფრენი აპარატი დააპატენტა”
განახლება
პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად კიბერთავდასხმა რუსეთთან დაკავშირებული მოვლენების, მათ მიერ გაჟღერებული ბრალდებების და საქართველოს ხელისუფლების ხისტი პასუხების გამოძახილია.
"შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილი: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს. მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, ინფორმაცია, რომელიც ინახება - ადამიანების პირადი მონაცემები, არის ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისაგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია”, - განაცხადა ვოლსკიმ.


