რაში იყენებს საქართველო „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს: სპეკულაცია თუ სარგებელი?

16-09-2020 14:34:56 ეკონომიკა ,კომენტარი

პრემიერ–ინისტრი გიორგი გახარია "მწვანე ქვეყნის" სტატუსის" გამოყენებას მომავალში – პოსტკორონასეულ პერიოდში აანონსებს, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი გვარწმუნებს, რომ ქვეყანამ სტატუსით ეფექტურად ისარგებლა კიდეც და თან იმგვარად, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დაუყენებია.

ინფორმაციისთვის: ამჟამად კორონავირუსის "შუქნიშნის" მიხედვით რომელ ზონაში ვიმყოფებით, ჯერ კიდევ რკვევის პროცესი ვართ. მაგალითად, ჯანდაცვს მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ საქართველონ "ყვითელ ზონაში" გადაინაცვლა, დანარჩენები კი ირწმუნებიან, რომ კვლავ "მწვანე ზონაში" ვრჩებით. თავად სტატუსი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით განისაზღვრება.

"ძალიან ვუფრთხილდებით „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მობილობა, აქტიურად ჩავატარეთ ადგილობრივი ტურიზმის სეზონი და გავხსენით ბიზნესები, მაინც მოვახერხეთ ის, რომ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს უსაფრთხო კორიდორების ფარგლებში. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენეთ ეს სტატუსი მაგრამ იმდაგვარად, რომ საფრთხე არ შეგვექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. დღევანდელი ღონისძიებაც [გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ჩატარება] პირველი ნიშანია იმისა, რომ ჩვენთან ეტაპობრივად აღდგება არა უბრალოდ ტურიზმი, არამედ საქმიანი ტურიზმი, საკონფერენციო ტურიზმი და საქართველო იქნება საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ცენტრი", - აცხადებს ნათია თურნავა.

მინისტრის შეფასებას ღიმილისმომგვრელს უწოდებს „აქცენტთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი კეპულაძე და აღნიშნავს, რომ სტატუსის ეფექტურად გამოყენება ნამდვილად შეეძლო ქვეყანას, თუ მეტად გახსნიდა საზღვრებს და მეტ უცხოელ ტურისტს მისცემდა ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობას, თუმცა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს გამოუყენებლად კარგავს.

„ვხედავთ, რომ კორონავირუსი ტურიზმისთვის საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, მაინც ფართოდ ვრცელდება და იმასაც ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ტურისტების შემოსვლა არ არის საფრთხე. დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ მინისტრს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი არ ჰქონდა და ის უფრო წინასაარჩევნოდაა გათვლილი. ვინ დაიჯერებს ამას, ცალკე საკითხია, ხოლო რეალობა ისაა, რომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის ეფექტურად გამოყენება არაფერში იგრძნობა – მხოლოდ აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმიდან ფინანსური შემოსავალი 96%–ით შემცირდა“,– აცხადებს კეპულაძე.

ეკონომიკის ექსპერტი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკებს, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით სავსებით იზიარებს და მიიჩნევს, რომ საკუთრი ტურიზმთან მიმართებაში გარკვეული პროტოკოლის შედგენა შესაძლებელი იყო:

„ვიცით, რომ 15 სექტემბრიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა: მათ მოუწევთ, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR – ტესტირების პასუხი წარმოადგინონ. ვფიქრობ, მსგავსი პროტოკოლით საზღვრის სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნაც მიზანშეწონილი იქნებოდა. როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რა რისკებს შეიცავდა საზღვრების გახსნა – ეს მსჯელობის საკითხია, მაგრამ როდესაც ვიცით, რომ ეს სტატუსი არ გამოგვიყენებია, ნუ გვეუბნებიან, თითქოს ეფექტურად გამოვიყენეთ“.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი ივლისიდან უპირობოდ გაუხსნა გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმაც საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რეგულარულ ფრენებზე კი შეზღუდვები დაპირების მიუხედავად, ივლისში არ მოხსნილა და მეტიც, შეზღუდვა ამ დროისთვის 1 ნოემბრამდეა გახანგრძლივებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ქვეყანამ 48,355 საერთაშორისო მოგზაური ვიზიტორი მიიღო და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან სედარებით კლებამ 96, 4% შეადგინა; ივლისში – 48,535, კლება – 95,6%–ია; ხოლო ივნისში – 39,624, კლება – 95,5%–ია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები