
გამყრელიძის ცნობით, საქართველოში COVID-19–ის შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოა
16/09/2020 11:55:35 საზოგადოება
აჭარაში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული რიგი პირების ბინაზე მკურნალობა შესაძლებელია და ეს არ ეხებათ ბავშვებსა და ხანში შესულებს.
„აჭარაში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ უსიმპტომო. ამიტომ, ბინაზე მკურნალობა უკვე თავისუფლად შესაძლებელია. ასევე, ჩვენ შემოვიტანეთ საკარანტინო სივრცეში მართვის პრაქტიკა: რადგან აქამდე შედარებით ცოტა შემთხვევა გვქონდა, ყველას ვმკურნალობდით სტაციონარში, მაგრამ დღეს, როცა შემთხვევების რაოდენობა იმატებს და ჰოსპიტალებზე ზეწოლა იზრდება, უსიმპტომო ადამიანების სახლში ან საკარანტინო სივრცეში მართვა შესაძლებელია, ეს არ ვრცელდება ბავშვებსა და 65 წელს ზემოთ მოხუცებზე“,– განაცხადა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საავადმყოფოში შესული პაციენტი პირველი ორი დღის განმავლობაში სრულ გამოკვლევას გაივლის, მესამე-მეოთხე დღეს კი ექიმის გადაწყვეტილებით, შეიძლება, პირი საკარანტინო სივრცეში გადავიდეს.
„მას წამლით მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება – სჭირდება მხოლოდ დაკვირვება სჭირდება. ასევე, მეორე ალტერნატივაა, რომ უსიმპტომო და მსუბუქმა პაციენტებმა მართვის კურსი ჩაიტარონ თავიანთ სახლებში“, – დასძინა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღიური მაჩვენებლის თვალსაზრისით ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია. ოფიციალური ცნობით, შემთხვევების უმეტესობა კვლავ აჭარაში ფიქსირდება.