Accentnews.ge
რამდენად შეიძლება აზარალოს რუსულმა სანქციებმა ქართული ეკონომიკა: ექსპერტის ანალიზი

რამდენად შეიძლება აზარალოს რუსულმა სანქციებმა ქართული ეკონომიკა: ექსპერტის ანალიზი

24/06/2019 08:55:04 თვალსაზრისი, კომენტარი, ეკონომიკა

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთმა ისევ დასჯის მეთოდი აირჩია  – ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ფრენები აკრძალა, ფრენებზე შეზღუდვები დაუწესდებათ ქართულ ავიაკომპანიებსაც, რომლებიც რეისებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით ასრულებენ. ამასთან, პუტინმა მთავრობას დაავალა,  საქართველოში მყოფი  რუსი ტურისტები უკან დააბრუნოს. ამ გადაწყვეტილებებს კი წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის ვიზიტი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება და იქიდან მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანა გახდა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. გავრილოვი იძულებული გახდა, ჯერ პარლამენტი, შემდეგ კი ქვეყანა პროტესტის ფონზე დაეტოვებინა.

ფრენების აკრძალვისა და ტურისტების გაწვევის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა ალექსი პუშკოვმა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის საკითხი მოიკითხა:  

„თბილისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შეჩერებით უკმაყოფილოები არიან. მათ პრეტენზიები თანამოქალაქეებს უნდა გამოუცხადონ, რომლებიც პარლამენტში შეიჭრნენ და არეულობა მოაწყვეს, ასევე პრეზიდენტს, რომელსაც ცოტა რამ თუ შეუძლია, რუსეთის მისამართით ტალახის სროლის გარდა. სხვათა შორის, რა ხდება რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით?“.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა კი საქართველოს მთავრობას რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები შეახსენა.

უნდა ველოდოთ თუ არა 2006 წლის მსგავს მასშტაბურ სანქციებს რუსეთისგან და რა სახის გავლენას ჰპოვებს უკვე დაწესებული შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხზე „აქცენტი“ ეკონომისტ გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.

მიღებულ გადაწყვეტილებას ეკონომისტი რუსეთის „აპრობირებულ მეთოდს“ უწოდებს:

„რუსეთი არის პოლიტიკური ბაზარი და რუსეთის ხელისუფლება  მსგავს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იღებს. ეს მისი სადამსჯელო მექანიზმია ასე ვთქვათ, ურჩი ქვეყნებისთვის. პუტინი დღეს თუ არა, პირობითად, ხვალ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. საქართველოს მოსახლეობა ვერასდროს აირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც მისთვის ბოლომდე მოსაწონი იქნება. ჩვენ აქ რუსეთის ინტერესებს ვერ გავატარებთ. გავრილობის მიმართ და შემდეგ უკვე „გავრილოვის ღამის“ პროტესტმა პუტინს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საქართველოში რუსულ ოკუპაციას ვერ ეგუებიან და მიუხედავად იმისა, რომ რუსი ტურისტების მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის იმპერიალისტური გეგმების მიმართ პროტესტი მუდმივად იქნება. შესაბამისად, მან აპრობირებულ მეთოდს მიმართა. მას ჰგონია, რომ საქართველო რუსეთზე ძალიან არის მიბმული და სცადა ჩვენი დასჯა“.

ეკონომისტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა არ მიიღებს იმ დანაკლისს, რისი შევსებაც შეუძლებელია და დასტურად კონკრეტული ციფრები მოჰყავს:

„შარშან საქართველოში რუსეთიდან დაახლოებით 1 400 000 ტურისტი შემოვიდა, მათგანი 75–80%  – სახმელეთო გზით – ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, თუ სურვილი აქვთ, აქვთ შესაძლებლობა, ესტუმრონ საქართველოს. ბუნებრივია, ცუდი გზავნილია ტურისტების მიმართ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველოში შესაძლოა, უსაფრთხოების პრობლემები იყოს, რომ რაღაც დესტაბილიზაციაა ქვეყანაში, თუმცა რომც დავუშვათ, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა განახევრდეს, ეს იქნება ქართული ეკონომიკისა და ქართული ტურისტული სექტორისთვის 250–300 მილიონი დოლარის დანაკლისი, რაც მთლიანობაში ტურიზმიდან შემოსული თანხის 8%–ია. ანუ წელს ყველაზე ცუდი გათვლით, შესაძლოა ეს დანაკარგი განვიცადოთ. ამ ყველაფრის დაბალანსება შესაძლებელია როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდით სხვა ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა, აქტიური სარეკლამო კამპანია აწარმოოს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში“.

ეკონომისტის თქმით, მმართველი გუნდი უნდა დგამდეს კონკრეტულ ნაბიჯებს დანაკლისის შევსების მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე ის პუტინის გადაწყვეტილების სხვა მიზნით გამოყენებას ცდილობს:

„მე უკვე ვნახე ლიეტუვას განცხადება, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან მზად არიან, საქართვერლოში ჩამოვიდნენ, ვნახე კერძო სექტორის ინიციატივები, სპონტანური სამოქალაქო ინიციატივები – დავისვენოთ საქართველოში, ჩავიდეთ ჩვენს ზღვისპირეთში და არ წავიდეთ საზღვარგარეთ, მაგრამ ვერ ვხედავ მთავრობის ნაბიჯებს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა დგამდეს ნაბიჯებს ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, სამწუხაროდ, რამდენადაც შთაბეჭდილება მრჩება, პუტინის ამ გადაწყვეტილებას იყენებს შესაძლებლობად, დაშალოს რუსთაველზე შეკრებილი ახალგაზრდები. ვნახეთ რაღაც ინიციატივები რეგიონებში: ჩვენ ტურისტების რაოდენობა შეგვიმცირდება, თითქოს ქართული ოპოზიციის გადაწყვეტილებების მიხედვით  ცვლიდეს პუტინი დღის წესრიგს. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა. სჯობს, მთავრობა კონკრეტულ გეგმაზე ფიქრობდეს, როგორ უნდა შევავსოთ დანაკლისი. ეს არ იქნება მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომლის შევსებაც არ შეიძლება“.

მისივე თქმით, „ყველა გამოწვევა არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ეკონომიკის, ტურისტული ქვეყნების, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირება მოვახდინოთ, რომ არ ვიყოთ ერთ ან ორ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებული ეკონომიკურად, მით უფრო, მტრულ ქვეყანაზე. თუ ქვეყანა შენი მტერია, მასთან რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური ბმა უნდა გქონდეს“.

„გაგახსენებთ 2006 წლის სანქციებს, როდესაც ეს რუსული ემბარგო გაცილებით მტკივნეული იყო ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა 2006 წელს ჩვენ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი გვქონდა, 2007 წელს კი ბოლო 15– წელიწადში მემგონი, ყველაზე მაღალი ეკონომკური ზრდა გვქონდა – 12%–იანი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ყველაფერზე დააწესა სანქციები, საფოსტო გზავნილებიც კი აკრძალა საქართველოს მიმართულებით, თუმცა საქართველო არ ჩამოიქცა. შესაძლოა, გარკვეულ სექტორს და ბიზნესებს გაუჭირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველას, უპირველესად მთავრობს უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ გადავატანინოთ სექტორს ეს დანაკლისი. ამის გადანაწილება მთელს ქვეყანას მოუწევს და თუ გადავინაწილებთ, ნაკლებად დავზიანდებით.  ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. მეგობარი ქვეყნები რჩებიან მეგობარ ქვეყნებად, შეიძლება, მათ ვთხოვოთ დახმარება, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ და ველაპარაკოთ მათ. სამწუხაროდ, ამ გეგმავს ვერ ვხედავ, იმედია, მუშაობენ მაინც“,– აცხადებს ეკონომისტი.

რაც შეეხება სანქციების გაფართოებას, ამ კუთხით გაჟღერებულ მუქარას ეკონომისტი ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს:

„რეალურად ეს რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.ზღვარი რუსულ მადას არ ექნება, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ხვალ კიდევ რამეზე არ დააწესებს შეზღუდვებს. ამიტომ ბიზნესმა, მთავრობამ უნდა გათვალონ რისკები, რასაც რუსულ ბაზარზე მიბმა წარმოშობს, რა ზიანი შეიძლება, მიადგეს ქართულ ეკონომიკას. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს განცხადებები ჰიბრიდული ომის ნაწილია. მეეჭვება, რომ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ სანქციებზე წავიდეს რუსეთი, რადგან ეს თავად რუსეთის მოქალაქეებშიც იწვევს უკმაყოფილებას. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ცნობადი სახეების განცხადებები, რომ მზად არიან, დაისვენონ საქართველოში და რომ ეს არის „ხაჭაპურის რევოლუცია“ – ასეთი ფრაზებიც კი გაისმა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მხრიდან ყველანაირი პრობლემისთვის, ეს ჩვენს უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა იყოს გაწერილი და აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე“.

ამავე თემაზე: Tourdom.ru: “არანაირი რუსოფობია არ არის! რუს ტურისტებს წასვლა არ სურთ და ამბობენ, რომ ვითარებას კრემლი ძაბავს”

“პუტინის გულის გასახეთქად ყველანი ერთად დავიძრათ საქართველოსკენ და ქართველებს სიყვარულში გამოვუტყდეთ”

რუსული ტურ-პორტალები საქართველოსადმი პუტინის სანქციების გვერდის ავლის სქემებს აქვეყნებენ

„დაისვენე საქართველოში“ – პუტინის საპასუხოდ სოციალური კამპანია დაიწყო

რუსეთის ცნობადი სახეები - პუტინს: "საქართველოს კი არა, რუსებს დაარტყით ამით! ელოდეთ მიტინგებს მოსკოვში!"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S