Accentnews.ge
"რა რეაქცია გვექნებოდა 2008 წელს, 11 აგვისტოს აზერბაიჯანელებს გარეჯთან დაკავშირებით რაიმე მოქმედება რომ განეხორციელებინათ?!"

"რა რეაქცია გვექნებოდა 2008 წელს, 11 აგვისტოს აზერბაიჯანელებს გარეჯთან დაკავშირებით რაიმე მოქმედება რომ განეხორციელებინათ?!"

05/10/2020 13:11:06 პოლიტიკა, კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი დავით–გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "შიდა დღის წესრიგით ნაკარნახევ არამეგობრულ ნაბიჯად" აფასებს.

"აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ შიდაპარტიული დღის წესრიგით არის ეს მოქმედება გამოწვეული და სწორედ ესაა სამწუხარო ამ ისტორიაში. შიდა პოლიტიკური, პარტიული დღის წესრიგი არ შეიძლება, იყოს შენი მოქმედების ერთადერთი კრიტერიუმი და მსაზღვრელი. დიახ, ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ერთადერთი მსაზღვრელი, მაგრამ არა შენი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესი, რადგან ის აუცილებლად და სავალდებულოდ ყოველთვის არ ემთხვევა ქვეყნის ინტერესს. დავფიქრდეთ, 2008 წელს ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა, 11 აგვისტოს აზერბაიჯანელებს გარეჯთან დაკავშირებით საგამოძიებო კი არა, ზოგადად, რაიმე მოქმედება რომ განეხორციელებინათ?! ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი მოჰყვებოდა ამას საქართველოში და ეს ჯანსაღი რეაქცია იქნებოდა. ძალიან სამარცხვინოა ის, რასაც ახლა ყველანი ვადევნებთ თვალს", – განუცხადა "აქცენტს" ხიდაშელმა.

ცნობისთვის: 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიების დაწყების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "არ არის გამორიცხული, 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით გაჩნდეს გარკვეული კითხვები".

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს მეზობლად – მთიან ყარაბარში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ვითარება კონფლიქტის ზონაში 27 სექტემბერს გამწვავდა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, სომხეთი და აზერბაჯანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას არ გეგმავენ. კონფლიქტს სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ან ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S