ნინო ბურჯანაძე: ,,ევროპელი მეგობრებისგან საგანგაშო სიგნალი მოვიდა!“
06/10/2020 11:04:38 პოლიტიკა
,,ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან მოვიდა საგანგაშო სიგნალი“,– ასე აფასებს „დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას და გამოთქმულ წუხილს.
,, ევროკავშირიდან მოვიდა ძალიან ნათელი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რაც კარგად ვიცით და რაზეც საქართველოს ხელისუფლება ურცხვად იტყუება. კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ და მწუხარება იქნა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას, ისე მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი.
ყველაზე სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, არის ის, რომ ეს დასკვნა ვენეციის კომისიას საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოსთხოვა. ვიდრე კანონს მიიღებდა, საქართველოს მთავრობამ მიმართა ვენეციის კომისიას თხოვნით, რომ ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა დაეწერა და ამისდა მიუხედავად, შემდეგ გადაიფიქრა. ამჯერად გადააგდო ვენეციის კომისია და უთხრა, მერე რა, რომ იმუშავეთ და აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მაწყობსო. დიახ, ეს განაცხადი გააკეთა ხელისუფლებამ ევროკავშირისა და მთელი მსოფლიოს წინაშე.
გასაგებია ქართველი ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. ეს ხდება მარტივი მიზეზის გამო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ტენდენციად ჩამოაყალიბა, რომ საარჩევნო დავებს თავიდან იცილებს და გადააგდებს ხოლმე სასამართლოებში. სასამართლოები განიხილავენ და არიან ბოლო ინსტაცია, ე.ი. სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტური მორჩილების ქვეშ. ეს არის თავი და თავი, თუ რატომაა სასამართლო კონტროლის ქვეშ, რატომაა მურუსიძეებისა და ჩინჩალაძეების კლანი და რატომ გადააყოლა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხი ამ კლანს და რატომ გადააგდეს ვენეციის კომისია. განცხადებები, რომ ქართული სასამართლო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია, არ ვიცი, ისეთი ცინიზმია, ვფიქრობ, ასეთ ცინიზმს საკუთარი ხალხისა და მთელი მსოლიოს მასხრად აგდებაას ქართველმა ხალხმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს იმით, რომ „ქართულ ოცნებას“უარი უთხრას ამ არჩევნებზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის თაობაზე ქვეყნის პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ კანონს "ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას" უწოდებს და სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა.


