ბურჯანაძე – გარეჯის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებაზე: „არც კაცურია, არც პოლიტიკური!“
06/10/2020 15:11:06 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დავით–გარეჯის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას „სამარცხვინოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების „უსუსურობასა და უგუნურებაზე“ მეტყველებს.
ბურჯანაძემ თემის კომენტირებისას საკითხი წინასაარჩევნო პერიოდისა და მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში განიხილა:
„მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდი რომ ყოფილიყო და მაშინ წამოეწიათ დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხები, ეს სამარცხვინო იქნებოდა; არ შეიძლება თავმოყვარე ქვეყანამ, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, წამოწიოს ასეთი თემები მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით: ეს უბრალოდ მეზობლების უპატივცემულობაა და კონფლიქტის დროს, საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნის მიმართ ეს ნაბიჯი არც კაცურია, არც პოლიტიკური და ამ ხელისუფლების აბსოლუტურ უსუსურობასა და უგუნურებაზე მეტყველებს,“- განაცხადა ბურჯანაძემ.
29 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
ასევე, 29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით–გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უთქვამს, კონკრეტულად, რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.
პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".
საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.
დაუდგენელი რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.
იხილეთ ასევე: რატომ თვლის სამთავრობო კომისიის წევრი ქვეყნისთვის საზიანოდ რუქას, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო


