
"მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, მაგრამ არა დათმობისთვის"
09/10/2020 14:34:22 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მზადაა, მთიანი ყარაბაღის საკითხებზე მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, თუმცა დათმობაზე წასვლას გამორიცხავს.
"მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, მაგრამ არა დათმობისთვის. ვერც ერთი მესამე ქვეყანა მოახდენს ზეგავლენას აზერბაიჯანის ნებაზე ამ კონფლიქტში. აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენების შედეგად ადგილზე ფაქტები შეცვლილია, რაც ადასტურებს, რომ ხდება საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტა. მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელია, თუ სომხეთი კვლავინდებურად დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა", – განაცხადა ალიევმა სატელევიზიო მიმართვისას.
ცნობისთვის: დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში მიიწვია.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბაქომ და ერევანმა მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს
დღესვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქალაქ ჯებრაილის თავზე აზერბაიჯანის დროშა აფრიალდა. უწყებამ ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა, რომელიც, მისი მტკიცებით, ჯებრაილის რაიონშია გადაღებული.
ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.