შსს–ს მიერ გუშინდელი კრიტიკის შემდეგ გომელაური მედიას დღეს მადლობას უხდის
22/10/2020 14:15:52 სამართალი
შსს–ს გუშინდელი კრიტიკის შემდეგ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მედიას დღეს მადლობას უხდის.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და მაგასაც არ მაცლით. გამოვედი, რომ გესაუბროთ. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ თქვენ, პრესის წარმომადგენლებს, მნიშვნლოვანი იყო ეს თანამშრომლობა, ურთიერთობა. თქვენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში და მადლობა ყველაფრისთვის, ვინც გვერდში დაგვიდექით გუშინ“, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს ზუგდიდში ბანკის გაძარცვის საქმეზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს–ში გამართულ ბრიფინგზე შემდეგი განაცხადეს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა დროულად მოხდეს მძევლების გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედისასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცველების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტურობას. ამიტომ, ყველა მედიისგან, ოპერატორებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, მძევლების, სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დავის, საპოლიციო ღონისძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ–სიგნალის გათიშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, კანონით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა აღნიშნულის უზრუნველყოფა მოხდეს“.
მოგვიანებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ "ზოგიერთი მედიის ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს".
ცნობისთვის: გუშინ „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 ათასი დოლარი მოითხოვა. ამჟამად ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო დამნაშავე მიმალული.


