წულუკიანი – ჯაჭვლიანზე: „როგორც ჩანს, ნაწყენია“
27/10/2020 09:22:09 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ჯაჭვლიანი "ნაწყენია და სამწუხაროა, რომ მან თავისი წყენის გამოხატვა იმ ხალხთან გადაწყვიტა, რომლებმაც რუსთაველზე აქცია ისე დაარბიეს, რომ სისხლის გუბეები იდგა".
წულუკიანი იმედოვნებს, რომ ჯაჭვლიანს "წყენა გადაუვლის და სხვანაირად ილაპარაკებს":
"მე არ მგონია, რომ ბატონი სოსო ჩემთვის შორეული ადამიანია, ეს ცოტა უფრო პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურად, ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა საკუთარი წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით, რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ასეთ ხალხთან ბატონ სოსოს მოუნდა, რომ თავისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ.
მე მინახავს სვანი კაცები –მათში გავიზარდე, თუმცა ამდენი ემოცია არცერთში არ მინახავს. ის როგორც ჩანს, არის ნაწყენი, გადაუვლის ეს წყენა და იმედია, რომ სხვანაირად ისაუბრებს",-ამბობს წულუკიანი.
ცნობისთვის: ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის ოჯახს ემუქრებიან. მან დედაქალაქის მერთან და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.


