ევროპარლამენტი: "საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით"

28-10-2020 11:08:35 საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტი საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება, მაგრამ დისტანციურად. Covid-19–ის ეპიდემიის გამო ორგანიზაციამ ქვეყანაში სადამკვირვებლო მისია ვერ გამოგზავნა, რადგან რეგულაციები ევროპარლამენტარებს მოგზაურობას უკრძალავთ.

როგორც "აქცენტს" ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში განუცხადეს, არჩევნების შედეგების შეფასებისას OSCE–ODIHR–ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების დიპლომატების დასკვნებს დაეყრდნობიან.

"ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაციების გაგზავნა, რათა თავიდან იქნას აცილებული Covid-19–ის გავრცელების რისკი. მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, ევროპარლამენტი ეყრდნობა OSCE–ODIHR–ის დაკვირვებას, ანალიზს და დასკვნებს / რეკომენდაციებს. გარდა ამისა, საქართველოში იქნება დაახლოებით, 100 მოკლევადიანი დამკვირვებელი დიპლომატი, რომელთა უმეტესობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებიდან (მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან) არის", – განუცხადეს "აქცენტს" ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში.

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ ამ არჩევნებზე პანდემიის გამო ვერ იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო დამკვირვებლების ის რაოდენობა, რომელიც წინა არჩევნების დროს იყო. 10 ოქტომბერს ეუთო–მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, OSCE–ODIHR–ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო მონიტორინგს შეზღუდული ფორმატით განახორციელებს.

იხილეთ ასევე: ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე მარინა კალიურანდი: "ყველას მზერა საქართველოსკენ იქნება მიმართული და ჩვენ შევაფასებთ, მდგრადია თუ არა დემოკრატიული პროცესისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ მისი ერთგულება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შანსი და დაიბრუნოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის მოწინავე სახელმწიფოს სტატუსი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები