ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველომ ფაქტობრივად, ევროპული არჩევნები ჩაატარა
01/11/2020 12:57:54 პოლიტიკა
"საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები", - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი არ საუბრობს არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებსა, თუ ხარვეზებზე და მადლობას უხდის, ამომრჩეველს, ცსკს, საერთაშორისო დამკვირვებლებსა და სამართალდამცველებს.
"ჩვენ შევძელით, არჩევნების ახალი საარჩევო სისტემის მიხედვით ჩატარება, რომელიც მეტწილად პროპორციული გახდა. ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ხოლო ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია, უზრუნველყოფს პარლამენტის უფრო მეტ მრავალპარტიულობას და გაუმჯობესებულ გენდერულ ბალანს.
ჩვენ შევძელით, პანდემიის მიუხედავად, ჩაგვეტარებინა უსაფრთხო არჩევნები. ამისი მაგალითი იყო მთელს ქვეყანაში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, პანდემიამ ვერ შეაშინა ამომრჩეველი, ყველგან იგრძნობოდა სიფრთხილე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.
ჩვენ შევძელით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა. მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური როლის შესრულებას იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში აღდგეს მშვიდობა, რაც სამივე ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა",– აცხადებს პრეზიდენტი.
იხილეთ ასევე" ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გავიდა


