კობახიძე: "მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება“
01/11/2020 17:33:09 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო ენმ–ის წევრი ნიკა მელიას დაკავება „არასწორი იქნება“.
"ეს [ელექტრონული სამაჯურის მოხსნა] არის უხეში კანონდარღვევა. კანონდარღვევასთან ერთად, კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როდესაც ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ძალიან მძიმედ მეტყველებს მასზე და მის თვისებებზე. ამაზე მე არ გაგცემთ პასუხს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. თუმცა პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს [დაკავება] არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე. ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს უკვე სხვა საქმეა", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. პრობაციის სამსახურმა აღნიშნულის თაობაზე გენპროკურატურას მიმართა. ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის რეაგირება მოჰყვება მელიას გადაწყვეტილებას.


