ჯაფარიძე: „გირჩი“ ოპოზიციური ერთობის გარეშე არაფერს გააკეთებს"
06/11/2020 17:33:47 პოლიტიკა
„გირჩის“ ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის მიმართ გაჩენილ კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ „გირჩი“ ოპოზიციური ერთობის გარეშე „არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს“.
ინფორმაციისთვის: კითხვები პარტიის წევრთა მიმართ მათ მიერ გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ გაჩნდა.
„გირჩი“ ოპოზიციური ერთობის გარეშე არაფერს გააკეთებს – არც პარლამენტში შევა და არც ერთ სხვა ნაბიჯს არ გადადგამს. ჩვენ ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერები ვართ. თუ ბიძინამ [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ივანიშვილმა – რედ.] რომელიმე კონკრეტული პარტია იყიდა, ფული გადაუხადა და ამის გამო ვიღაც პარლამენტში შევიდა, ეს ხომ არასერიოზულია?!“,– დააზუსტა „ფორმულას“ ეთერში ჯაფარიძემ.
ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს არ სცნობს და აქციებისთვის ემზადება.
რაც შეეხება „გირჩის“ ინიციატივას, როგორც მისმა თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, პარტია კრიზისის თავიდან აცილების გზას შემდეგნაირად ხედავს:
- არჩევნების შედეგები ჩასწორდეს იმგვარად, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან;
- ამ გზით ფორმირებულმა პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს რიგგარეშე არჩევნები.


