Accentnews.ge
ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, რა შემთხვევაში გამართავენ ხელისუფლებასთან დიალოგს

ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, რა შემთხვევაში გამართავენ ხელისუფლებასთან დიალოგს

06/11/2020 18:39:41 პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, რა შემთხვევაში გამართავენ ხელისუფლებასთან დიალოგს. კერძოდ, მათი ნაწილის თქმით, ერთადერთი თემა, რაზეც ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდთან ისაუბრებს, ეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნებია და ამ პოზიციაში ოპოზიცია ერთსულოვანია.

„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზაობის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას „ვაჭრობად“ აფასებს:

„ბოიკოტის არ გვეშინიაო“ – რომ ამბობენ, არავინ რომ არ მისცემს ერთპარტიულ – ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს და ოლიგარქ ივანიშვილს [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – რედ.] კრედიტებს, რას იზამენ, ოპოზიციას დააბრალებენ?! გახარიას განცხადება კი ვაჭრობაა – გაჩუმდები? – ხმებს მოგიმატებ!“,– განაცხადა ბურჯანაძემ.

იგი ირწმუნება, რომ ოპოზიციურ ერთობას არაფერი ემუქრება:

„ოპოზიცია ერთიანია და ამას არაფერი ემუქრება. სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, ახლა გაცილებით მშვიდად ვარ“.

„ლელოს“ ერთ–ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „გახარია თავის განცხადებაში გულწრფელი რომ იყოს, ყველა საჩივრის საჯაროდ განხილვა მოხდებოდა“.

„ამ საჩივრების განხილვა კი იმას ნიშნავს, რომ მთელ რიგ უბნებზე შედეგები უნდა გაუქმდეს! რაზე უნდა ველაპარაკოთ“,– განაცხადა ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძის თქმით, "პრემიერი ოპოზიციას ეუბნება ხარვეზები იყოო, მაგრამ ახლა რაღაცას გადმოგიგდებთო".

"ეს დაგმოდგებული გადაუგდოს ბიძინას და კობახიძეს", – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის: დღის ბოლოს გახარიამ პოლიტიკურ ოპონენტებს ერთის მხრივ, „ქუჩის ოპოზიცია“ უწოდა, მეორეს მხრივ, კი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა იმ 8 ოპოზიციურ პარტიასთან, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა:

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეძლოს და იპოვოს გზა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, ოპოზიციამ და მათვარობამ ერთად გამოიყვანონ ქვეყანა არსებული კრიზისიდან. ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. არ დაგვავიწყდეს ქართველი ხალხის არჩევანი – 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით - დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი და ჩვენ მსგავსი საუბრებისთვის ყოველთვის ღია და მზად ვართ”.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S