კობახიძემ ცსკ–სთან მიმდინარე მოვლენების ფონზე, მელიას სისხლის სამართლის საქმე გაუხსენა
08/11/2020 21:16:32 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ–ის ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გაანახვილა ყურადღება.
ამასთან მან ცსკ–სთან მიმდინარე აქციას უკანონო უწოდა, პოლიციას კი პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა.
„ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი ენმ–ის ზონდერ–ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ შტურმი მიიტანეს პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე აუცილებლად იქნება მიყვანილი. ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ–ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და აგრესიას კრიმინალების არა ციხეში ყოფნა, არამედ მათი პოლიტიკაში ყოფნა იწვევს. საქართველოში მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში პოლიტიკოსები იქნებიან, ხოლო კრიმინალები კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების მონაწილეებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ. შსს–ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ“,– განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ცსკ–ის შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს, რის შედეგადაც მომიტინგეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
ასევე შეგახსენებთ, რომ ამა თუ იმ ეპიზოდზე აღიძრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე, ეს ირაკლი კობახიძეს თანამდებობრივად არ ეხება.
აქცია სავარაუდოდ, 9 ნოემბერს რუსთაველზე გაგრძელდება.


