
ახრა ავიძბა თანამდებობას დემონტრაციულად ტოვებს
09/11/2020 14:58:56 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოდიოზური თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბა თანამდებობას ტოვებს.
დე ფაქტო პრეზიდენტის სახელზე დაწერილი შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად “რწმენის დაკარგვა” დაასახელა.
«დავკარგე რა რწმენა ჩვენი საერთო საქმისა და მუშაობის გაგრძელების მიზანშეწონილობის მიმართ პოლიტიკურ გუნდში, რომლის მოღვაწეობაც მის მიერვე დეკლარირებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება და რომელიც რეალურად, არ იღებს არანაირ აუცილებელ ზომებს აფხაზი ხალხის კეთილდღეობისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის, გთხოვთ, გამათავისუფლოთ პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან», – ნათქვამია სოცქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, ავიძბა ტექსტის განსაჯაროების მიზეზებსაც განმარტავს: «გამოვაქვეყნე იმისთვის, რომ აღარ ეცადონ ჩემს დარწმუნებას, დავრჩე და არ ვიჩქარო».
იხილეთ ასევე: აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა
ცნობისთვის: ახრა ავიძბა დონბასის ომის მონაწილე და ე.წ. “დონეცკის სახალხო რსპუბლიკის გმირი” გახლავთ. 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მისი ბიძაშვილის – 38 წლის “კანონიერ ქურდ” ალხას (ხასიკ) ავიძბას გახმაურებული მკვლელობის შემდეგ იგი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომლის შედეგად იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა. ახალი დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლის შემდეგ “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ იგი თავის მრჩევლად დანიშნა საერთაშორისო საკითხებში.
“პრეზიდენტის მრჩეველი”, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში ძალზე არაერთგვაროვნად აღიქვამენ (როგორც წარსულში მისი საქმიანობის, ისე არცთუ სახარბიელო განათლებულობისა და ქცევის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მანერის გამო), ოქტომბერში ხმაურიან სკანდალში გაეხვა: სოჭის სასამართლოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი რუსეთში 10 დღე-ღამით დააპატიმრეს. მიზეზი მანამდე რამდენიმე თვით ადრე - 7 აგვისტოს მომხდარი ინციდენტია: ავიძბას, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად აფხაზეთში პირადი ავტომანქანით ბრუნდებოდა, რუსეთიდან გასვლის საშუალება არ მისცეს იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალები აღმოაჩნდა, თუმცა ავიძბა მესაზღვრეებს არ დაემორჩილა, “ჯიპით” გამტარი პუნქტის ღობე შეანგრია და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა.7 აგვისტოსვე ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოცქსელებში გავრცელდა. მოგვიანებით ავიძბამ რუსული ბიუჯეტის წინაშე ვალები დაფარა, რაც რუსულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა მოსკოვმა “სასაზღვრო ინციდენტის” გამო ის მაინც დააკავა – რატომღაც მხოლოდ რამდენიმე თვეში და მხოლოდ 10 დღე-ღამით.