
"სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს"
10/11/2020 11:01:43 საშინაო პოლიტიკა
"გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ენმ–ის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.
“სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე“, - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პარლამენტის ლეგალიზაციის დაუშვებლობაზე საუბრობდა.
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.