Accentnews.ge
"მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან"

"მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან"

10/11/2020 12:35:19 საგარეო პოლიტიკა

"მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ენმ–ის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადება გავრცელდა.

"პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს", – აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით, კი მისი მოწოდება განმარტა.

ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.

9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S