Accentnews.ge
თბილისში პომპეოს ვიზიტისას შესაძლოა, აქცია გაიმართოს

თბილისში პომპეოს ვიზიტისას შესაძლოა, აქცია გაიმართოს

10/11/2020 19:23:02 პოლიტიკა

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ კვირაში – 17–18 ნოემბერს საქართველოს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური რელიზიდან ირკვევა, დაგეგმილია რამდენიმე მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო თანამდებობის პირებთან, ასევე პატრიარქთან.

ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მოულოდნელი ვიზიტი როგორც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც უკავშირდება. ამ უკანასკნელს ერთგვარად ადასტურებს ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მოკლე კომენტარი, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განიხილება რეგიონში არსებული სიტუაცია და საქართველო–აშშ–ის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ენმ–ის წევრი ხატია დეკანოიძე ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან აშშ–ს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება და როგორც წესი, ადმინისტრაციის ცვლილების პერიოდში, მოკლე დროში ახალი ვიზიტები არ იგეგმება.

„თუ არ ვცდები, ამ პერიოდში პომპეოს ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი პარიზში, სტამბოლში, შემდეგ – ყატარში. მგონია, რომ ვიზიტი არა მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს და დემოკრატიის განვითარებას უკავშირდება, რაშიც აშშ–ს ძალიან დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული, მათ შორის – რეგიონში მიმდინარე პროცესებს“,– განაცხადა თემის კომენტირებისას დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამავე ეთერში „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააჟღერა ვიზიტის დროს აქციის გამართვის და პომპეოსადმი ერთობლივი მიმართვის შემუშავების იდეა:

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვნია. ვფიქრობ, რომ აქ რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმაც იქონია ზეგავლენა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ მას საქართველოს მოსახლეობის ხმა უნდა გავაგონოთ. ეს შესაძლოა, აქცია იყოს, რაც სერიოზული განაცხადი იქნება. ასევე არ იქნება ცუდი, თუ ყველა ოპოზიციური პარტია კიდევ ერთ მიმართვას გავაკეთებთ, რომლითაც ბატონ პომპეოს ვეტყვით, რა ხდება“.

როგორც ჩანს, ამ იდეას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იზიარებს: მან „მთავარი არხის“ ეთერში წამყვანის კითხვას, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს პომპეოს ვიზიტი, უპასუხა: "ერთი რამ ვიცი – საქართველოში არჩევნები გაყალბებულია, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის – თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია – მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის. ვერ დაგვჩაგრავენ!".

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის "დასასრული": ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას, მე–10 მოწვევის პარლამენტს კი ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. მხარეებმა დიალოგის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ამ ეტაპზე არც ფორმატი და არც სასაუბრო თემებია შეთანხმებული: ოპოზიცია ამბობს, რომ დიალოგი მხოლოდ ხელახალი არჩევნების ირგვლივ გაიმართება, ხოლო სახელისუფლებო გუნდი მოლაპარაკების წინაპირობად ცსკ–ის შედეგების აღიარებას ასახელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S