ლინკევიჩუსი: „ცოტა ხანში შეიძლება, კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი გააქტიურდეს“

30-11-2020 16:35:37 მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის გააქტიურებას პროგნოზირებ. ამის შესახებ მან მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და კონფლიქტებში რუსეთის როლზე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

„ფაშინიანი იყო საზოგადოების ლიდერი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ვერც მე და ვერავინ სხვა ვერ იტყვის, რომ ფაშინიანი რუსეთის მოწინააღმდეგეა, მაგრამ შეიძლება, ვთქვათ, რომ ის არ იყო კომფორტული ლიდერი რუსეთისთვის. ასე რომ, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები უნდა იყოს გაკვეთილი ფაშინიანისა და ყველა სხვა პოპულარული ლიდერისთვის, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები შეიძლება, სხვაგანაც მოხდეს. რეალობას ვერ უარყოფ: თუ კონფლიქტების მართვას ის მოთამაშეები შეეცდებიან, რომლებიც რეალურად კონფლიქტებს კი არ აგვარებენ, არამედ მათ ქმნიან, ეს არ იქნება დადებითი მოვლენა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც არა მხოლოდ სომხეთში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც უნდა გაითვალისწინონ. ეს უნდა იყოს შემაშფოთებელი, რადგან თუ ჩვენ დროულად არ ვიმოქმედებთ, მაშინ ამას სხვები გააკეთებენ. ეს კი უფრო პრობლემური საკითხი იქნება. ასევე ველოდები, რომ სულ ცოტა ხანში შეიძლება, კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი გააქტიურდეს: ვგულისხმობ დნესტრისპირეთს. ეს მოხდება მოლდოვაში პროევროპული პრეზიდენტის არჩევის შემდეგ და ეს მაია სანდუსთვის, მოლდოველი ხალხისთვის იოლი არ იქნება. მხოლოდ ღმერთმა უწყის, როგორ განვითარდება მოვლენები“,– განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული განწყობების მქონე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მაია სანდუმ ამასწინათ განაცხადა, რომ იგი "რუსი სამშვიდობოების ეუთო–ს სამოქალაქო დამკვირვებლებით ჩანაცვლების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას მხარს უჭერს". კრემლმა კი პრეზიდენტის იდეა "დესტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად" შეაფასა.

იხილეთ ასევე: ლინკევიჩუსი: „მთიანი ყარაბაღის მოვლენები შემაშფოთებელია! საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაა საჭირო“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები