
"დროა, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა"
07/12/2020 15:34:09 საგარეო პოლიტიკა
"დროა, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა", - ამის შესახებ ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
"იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნების" ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისათვის, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, წინ წავიდეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით და გაუმკლავდეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს". – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 3 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ფასილიტატორებმა ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.
იხილეთ ასევე: მესამე რაუნდის შედეგები: პოზიციები დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა