"სტრატეგიული ერთიანობა არის გასაღები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის"
07/12/2020 19:03:25 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოში ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
როგორც კუბილიუსი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს, შეთანხმება შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
"სტრატეგიული ერთიანობა არის გასაღები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ყველა პოლიტიკურმა ძალამ ეროვნულ კონსენსუსს უნდა მიაღწიოს. იგი უნდა მოიცავდეს ისეთ მიზნებს, როგორიცაა ევროკავშირის და ნატო–ს წევრობა და ეს პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებით უნდა მოხდეს. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, გრძელვადიანი ეფექტები ჰქონდეს საქართველოს მომავალზე", –წერს კუბილიუსი.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 3 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ფასილიტატორებმა ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.
იხილეთ ასევე: მესამე რაუნდის შედეგები: პოზიციები დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა


