„საარჩევნო სისტემის ცვლილება გაყალბებული არჩევნების კომპენსირებას ვერ მოახდენს“
09/12/2020 11:25:02 პოლიტიკა
„პარტიოტთა ალიანსის“ წევრი და მე–10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატის მქონე გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიას პოზიცია არ შეუცვლია.
„პარტიის პოზიციაში ცვლილებები არაა. საარჩევნო სისტემის ცვლილება გაყალბებული არჩევნების კომპენსირებას ვერ მოახდენს. არჩევნები გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!“,– განუცხადა „აქცენტს“ თევდორაძემ.
მისივე თქმით, პარტიას სახელისუფლებო გუნდთან დამოუკიდებლად, გარდა ელჩების მედიატორობით მიმდინარე შეხვედრისა, კომუნიკაცია არ ჰქონია.
ცნობისთვის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე–10 მოწვევის პარლამენტს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა ბოიკოტი გამოუცხადა. სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის უკვე შედგა ოთხი შეხვედრა, თუმცა რიგგარეშე არჩევნების თაობაზე შეთანხმება ვერ შედგა. 9 დეკემბერს საარჩევნო ბარიერგადალახულმა პარტიამ „მოქალაქეებმა“ უწინდელისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს.


