„კობახიძემ მოლაპარაკების ყველა პირობა დაარღვია და დახლი „გაშალა“ – ოპოზიცია სათათბიროდ შეიკრიბა
09/12/2020 13:12:12 პოლიტიკა
ოპოზიციონერი ლიდერები პარტია „ლელოს“ ოფისში შეიკრიბნენ. ადგილზე არ იმყოფებიან პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, სახელისუფლებო გუნდის წევრებთან დიპლომატების მედიატორობით შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტს მანდატების გაუქმების განაცხადით მიმართავენ, დაუკმაყოფილდებათ, რაც განსხვავებული პოზიციაა უწინდელთან შედარებით; პარტიები ვერ მიიღებენ დაფინანსებას, თუ ბოიკოტის რეჯიმში დარჩებიან; ამასთან, დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.
ოპოზიციაში კობახიძის აქცენტები მუქარად და დიქტატურისკენ მიმავალ გზად შეაფასეს. ამასთან, ის მოლაპარაკებების პროცესის დეტალების განსაჯაროებაში დაადანაშაულეს.
„არც ერთი საკითხი, რომელიც ირაკლი კობახიძემ გამოიტანა, ამ მოლაპარაკების რეჟიმში არ განხილულა. გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მძიმე დანაშაული ჩაიდინა 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებით, კობახიძემ მას კიდევ ძალიან მძიმე დანაშაული დაუმატა – კრიზისში შესული ვითარების განმუხტის ნაცვლად, მან მოლაპარაკების ყველანაირი პირობა დაარღვია და გაშალა დახლი, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია“,– განაცხადა „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.
„გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიასთვის საგამოძიებო კომისიის იდეა მისაღებია:
„საგამოძიებო კომისიის იდეა კარგია, მაგრამ პროცესს ნდობა უნდა ჰქონდეს: ის უნდა იყოს კონსენსუსის შედეგად შექმნილი და არა ცალმხრივი. ამიტომ, გააჩნია, ამ წინადადებამდე როგორ მივალთ“,– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომელთაც ცსკ–ის შედეგების მიხედვით სადეპუტატო მანდატები მიიღეს, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებებს 11 დეკემბერს, მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დაწერენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ საკითხზე პოლიტიკოსები დღეს იმსჯელებენ.
ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერის ნიკა მელიას შეფასებით, "ქართული ოცნება" ღიად დაადგა ლუკაშენკოს გზას.
„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე არათუ კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როცა საუბრობს ბატონი კობახიძე, საუბრობს ბატონი ივანიშვილი.
როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხარ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნება, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აპირებს ჩააყენონ სხვა პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიდან წამოსულ ძალადობრივ მუქარებს არ ეთანხმებიან.
მან მკაფიო ხაზი გაავლო, რომ ვინც პარლამენტში შემოხვალთ ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ - არ მოგცემთ.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რას ვაპროტესტებთ ჩვენ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება. დიდი შეცდომა დაუშვა უკვე, ის არ ითვალისწინებს მთავარს, რომ ამ ოპოზიციური პარტიების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვაგდენთ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სუბიექტი პოლიტიკური პარტიის სახით ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ბუნებრივია ის ვეღარ იქნება ვეღარც პოლიტიკოსი და მითუმეტეს ვეღარც ოპოზიციონერი. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა - კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით. ვისაც ღირსება გაქვთ, პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ,“- განაცხადა მელიამ.


