"გირჩი": „კობახიძის განცხადებამ გაგვაერთიანა, როგორც არასდროს“
09/12/2020 16:56:16 პოლიტიკა
კობახიძის განცხადება იყო შეცდომა. ასეთმა განცხადებამ, როგორც არასდროს გაგვაერთიანა, ჩვენ დავწერთ განცხადებას და არ შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩი“ პარლამენტში არ შევა.
„ჩვენი მთელი მოლაპარაკების პროცესში გვქონდა იგივე პოზიცია, მივიჩნევდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობა, ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად სხვდასხვა კომპრომისებზე ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბდებდით. კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ალბათ, ძალიან სერიოზული რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მთელ ოპოზიციაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „გირჩი“ არ იქნება პარლამენტში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეხვედრას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტს მანდატების გაუქმების განაცხადით მიმართავენ, დაუკმაყოფილდებათ, რაც განსხვავებული პოზიციაა უწინდელთან შედარებით; პარტიები ვერ მიიღებენ დაფინანსებას, თუ ბოიკოტის რეჯიმში დარჩებიან; ამასთან, დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.
შეხვედრას "მოქალაქეების" წევრები არ ესწრებოდნენ.
იხილეთ ასევე: ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის არჩევნების უბარიერო პროპორციული წესით ჩატარება პარლამენტში შესასვლელად საკმარისია


