სააკაშვილი: „ადამიანებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2–3 მილიონს სთავაზობენ“
09/12/2020 18:17:43 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2-დან 3 მილიონამდე დოლარს სთავაზობენ.
„დადიან და ადამიანებს, ვინც პარლამენტში გავიდა [საარჩევნო ბარიერი გადალახა – რედ. ], 2–დან 3 მილიონამდე დოლარს სთავაზობენ, რომ პარლამენტში შესვლას დასთანხმდნენ – ეს ვიცი, როგორც ფაქტი. მეორეს მხრივ – ემუქრებიან, რომ „ყველას დაგიჭერთ, პარტიულ დაფინანსებას ჩამოგართმევთ, არ გაგახარებთ, თუ არ დათანხმდებით ჩვენს შემოთავაზებასო“.
დარწმუნებული ვარ, ყველა ლიდერი, რომელიც რამეს წარმოადგენს საქართველოში, მაგრად დადგება. ივანიშვილი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. ეგონა, რომ იყიდდა ხალხს, მაგრამ პრაქტიკულად ვერცერთ სერიოზულ ადამიანს ვერ გამოკრა ხელი. მათ მომავალი არ აქვთ“,– განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რეალურად ოპოზიციამ ხმათა 60% მიიღო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 40%.
შეგახსენებთ, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.
იხილეთ ასევე: რა გეგმა აქვს ოპოზიციას 11 დეკემბრისთვის


