ISFED–მა პარალელური დათვლის შედეგები აუდიტის შედეგად დააკორექტირა
11/12/2020 18:04:42 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, შედეგად, სახელისუფლებო პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა, ხოლო ჯამურად ოპოზიციის წარმომადგენლების შემცირდა: მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%. სხვაობა 1.8%-ია.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა.
შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს:
1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი;
2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება;
3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი;
4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.
შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში”, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა


