„მეტი გამბედაობის დრო დადგა, რომელიც გამოცდილების შესწავლაზე იქნება დაფუძნებული და ეს გამოცდილებები მსოფლიოში არსებობს“

15-12-2020 21:05:04 ინტერვიუ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 დეკემბერს, მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ევროპასა და NATO–სთან მიმართებაში ახალი მიდგომების შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ „მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა“ და რომ ვითარება ოფიციალური თბილისის მხრიდან აქტიურობას, მეტ მოქნილობას და მომავლის ხედვას მოითხოვს.

რას შეიძლება, მოიაზრებდეს ინიციატივები, რითაც საქართველო დასავლელ პარტნიორებს დააინტერესებს და გაზრდის როგორც ქვეყნის მნიშვნელობას, ისე მის უსაფრთხოებას, მით უფრო რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს ვიქტორყიფიანს ესაუბრა.

ვიქტორ ყიფიანი: NATO–ს აღმოსავლეთით გაფართოების მოლოდინი დიდი ხანია, გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ეს ცოტა დაგვიანებული, ან ხოლმე არასაკმარისია. ვფიქრობ, პრეზიდენტის მოწოდებაა, ვიფიქროთ რიგი კლიშეების მიღმა არსებულ ვარიანტებზე.

მსჯელობა: NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც აერთიანებს წევრ ქვეყნებს, მაგრამ მსოფლიოში არსებული კოლექტიური უსაფრთხოების სისტემები თანაბრად გვკარნახობენ სისტემების გეოგრაფიულ-თემატურ პრინციპებზე აგებასაც. უნდა გავიხსენოთ NATO–ს ანგარიში „2030“ – იქ, სადაც საუბარია, ზოგადად, NATO–ს პარტნიორობაზე არაწევრ, მაგრამ ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან. მართალია, ანგარიში საინტერესოსთან ერთად არაერთ ბუნდოვან განცხადებასაც მოიცავს, ფაქტია, რომ NATO-ს მოწოდებაა, ასევე ვითანამშრომლოთ გეოგრაფიული და თემატური ნიშნითაც. მე მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები ოდნავ უკმარისობის განცდას ტოვებს – უდავოდ მეტი კონკრეტიკაა საჭირო. თუმცა აქ ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: NATO თავადაა შიდა სამზარეულოს დალაგების პროცესში. ამდენად, ე.წ. „პრობლემურ გეოგრაფიებზე“ მეტი კონკრეტიკა ამ მომენტისათვის ნაადრევი იქნებოდა (მომავალ წელს ალბათ, მეტ კონკრეტიკას მოვისმენთ). საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ რომ ასეთი „ბუნდოვანება“ მანევრის საშუალებასაც ტოვებს, - და პრეზიდენტის განცხადებას რომ დავუბრუნდეთ,- შესაძლებელია, შავი ზღვის ფაქტორის გამოყენება სწორედ გეოგრაფიულ–თემატური თანამშრომლობისაკენ მოწოდება იყოს. მაგალითად, NATO–ს აღმოსავლეთ ფლანგის ჩრდილო და სამხრეთ დაბოლოებებს შორის გარკვეული ასიმეტრიაა – ჩრდილოეთი გაცილებით გაძლიერებულია, სამხრეთი კი მასშტაბით და ხარისხით გაცილებით მოისუსტებს. არ გამოვრიცხავ, რომ არც თუ შორეულ პერსპექტივაში, თუ NATO–ში იქნება გააზრება, რომ შავი ზღვა აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის უსაფრთხოების ერთგვარი „ჩამკეტია“, შესაძლოა, ეს კონფიგურაცია ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი იყოს პარტნიორობის მეტი კონკრეტიკით შესავსებად. დამატებითი გარემოებაა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რამაც რეგიონში აბსოლუტურად სხვა მოცემულობა მოგვცა და თუ აშშ–ს სურს, რეგიონში უფრო მეტად ხელშესახებად იყვნენ წარმოდგენილნი, საქართველო (მიუხედავად პოლიტიკურ–ეკონომიკურ–სოციალური გამოწვევისა) ამის საშუალებას იძლევა. კიდევ ერთი მოსაზრება, რაც ე.წ. მინი ალიანსებს უკავშირდება და რისი ანალოგები არსებობს (მათ შორის, წყნარ ოკეანეში ჩინეთის შესაკავებლად). არ არის გამორიცხული, შავ ზღვაში მსგავსი ალიანსის შექმნაზე ვიფიქროთ. რამდენადაც ვიცი, შავ ზღვის იმ ნაწილში, რომელიც მე „ჩამკეტად“ ვახსენე, NATO–ს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ საჭირო ნიშნულამდე განვითარებას და შევსებას საჭიროებს. ამდენად, მიდგომებში მოქნილობა, იმპროვიზაცია, არასტანდარტულობა, არასტერეოტიპულობა შესაძლებელია. სწორედ ასე წარმომიდგენია ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორობის თანამშრომლობის სრულყოფა, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. პრეზიდენტის განცხადებაშიც სწორედ ეს მოწოდება ამოვიკითხე; თანაც, არა ქართული სპექტრისადმი, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი. პრაქტიკულად, რეგიონში მოვლენები იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ მათზე რეაგირებას ვასწრებთ.

მაგრამ მსგავს მიდგომებს სითამამეც სჭირდება...

ბუნებრივია. საჭიროა, მათ შორს აზროვნებაში გადახალისება, გარკვეული გადახალისება პოლიტიკურ და საქმიან წრეებში. მგონია, რომ ჩვენს მიდგომებში ხშირად მოძველებული სტანდარტებით ვოპერირებთ: ის, რაც უსაფრთხოების სისტემებში ორი წლის წინ იყო საინტერესო, დღეს შესაძლოა, უკვე მოძველებულად მიიჩნეოდეს. ვისურვებდი, რომ ჩვენ კი არ ველოდოთ მოკავშირეებს, არამედ მათთან თავად მიგვქონდეს წინადადებები: ვსმჯელობდეთ ე.წ. მინი „ჩრდილოატლანტიკურ“ ალიანსებზე, ან თუნდაც ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმების იდეაზე (სამხრეთ კორეის, იაპონიისა ან ფილიპინების მაგალითები ამის პრეცედენტულ პრაქტიკას ქმნის) არსებობს სხვა მიდგომებიც – ხელშეკრულებები, რომლებიც უფრო გახშირებულ წვრთნებს, მეტ როტაციულ და გარკვეულწილად, ინფრასტრუქტურულ წარმომადგენლობასაც გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ მიერ ბოლო რვა წლის განმავლობაში წარმოებული პოლიტიკა ფასდება „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკად. ამ პირობებში რამ შეიძლება, გვიბიძგოს მეტი აქტიურობისკენ, სითამამისა და ინიციატივებისკენ?

დიახ, მმართველი პარტიის სამეზობლოსადმი დამოკიდებულება გამოირჩევა მეტი სიფრთხილით და ეს ჩემთვის გასაგებია: თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკულად „თავდაყირა“ დგას და უნებლიე კონფლიქტის შემთხვევაში ჩვენთვის ვის ეცლება? – ეს დიდი კითხვაა. მეორე – დასავლეთი თავად მოგვიწოდებს, რომ უკიდურესად ფრთხილნი ვიყოთ სამეზობლოსთან მიმართებაში. ამავდროულად, ნიშნავს თუ არა ეს, არ ვიყოთ იმაზე მეტად აქტიურები, ვიდრე ახლა ვართ? რა თქმა უნდა, არა. მით უფრო, როცა ვსაუბრობთ მოვლენების იმგვარად სწრაფი ტემპით განვითარებაზე, რაც გადაწყვეტილებების მიღებაში თანაბარ სისწრაფეს მოითხოვს.

იგივე თურქულ–რუსული ალიანსი, რომელიც სადღეისოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გამოიკვეთა. არის ვერსია, რომ მათ საერთო ენა სწორედ ანტიდასავლურმა სენტიმენტებმა მოაძებნინა. ვინაიდან ჩვენ პროდასავლური კურსი გვაქვს დეკლარირებული, ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან ჩვენთან ამ კურსის პრაქტიკული და ხელშესახები განვითარებით. ვფიქრობ, მიუხედავად დეკლარაციებისა და განცხადებისა, დღესდღეობით დასავლეთის გეოსტრატეგიული ინტერესი ევრაზიის საკვანძო გეოგრაფიაში მეტ პროაქტიულობას საჭიროებს. „ბურთი“ ჩვენს მოედანზეა და აქ იგულისხმება არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთო ქართულ– დასავლური „მოედანი“. დადგა დრო მეტი გამბედაობის, რომელიც ამავე დროს მაქსიმალურ კომპეტენციაზე, გამოცდილების შესწავლაზე იქნება დაფუძნებული და ეს გამოცდილებები მსოფლიოში არსებობს. ასეთ გამოცდილებასა და ცოდნას შორისაა უსაფრთხოების სხვადასხვა მოდელები, მათი ვარიაციები და მოდიფიკაციები. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ქართულ-დასავლური ტამდემის საჭიროებაზე მორგებული მოდელი გვჭირდება. გულწრფელად გეტყვით, მაქვს ხოლმე განცდა, რომ თანამედროვე მსოფლიოს თავდაყირად მოქცევის გამო 90–იან წლებთანაც კი გავავლო გარკვეული პარალელები... ბუნებრივია, რეგიონალური სტაბილურობა არ უნდა ამოვატრიალოთ, მაგრამ ამათუიმ სტაბილურობას კვლავ კონკრეტულ დინამიკასა და შედეგისაკენ უნდა მივყავდეთ. ვნახოთ, აშშ–ის მომავალი ადმინისტრაცია რას შემოგვთავაზებს ჩვენს რეგიონზე. არის სხვადასხვა ვერსიები. საინტერესოა, თუ როგორ ყალიბდება მრჩეველთა და საგარეო პოლიტიკური გუნდი. არის დამაიმედებელი პროგნოზი, მოლოდინები დასავლეთის მეტად პროაქტიურობაზე. ტრამპთან მიმართებაში, შესაძლოა, ბევრი საწუწუნო არ გვქონდეს, მაგრამ ჩვენ სტრატეგიული მიდგომა გვჭირდება, მეტი დაგეგმარება. ასე მაგალითად, კითხვაზე, დღეს რა არის აშშ–ის და დასავლეთის სტრატეგია შავ ზღვაზე, მე კონკრეტული და ცალსახა პასუხი მიჭირს. სტრატეგიული გეგმის შემუშავება კი საერთო ინტერესებშია.

დავაზუსტოთ, დასავლეთის ინტერესების შეზღუდვა ახსენეთ –სამოქმედო არეალი იგულისხმეთ, თუ თავად ინტერესები?

ერთია, პრიორიტეტები განცხადებების დონეზე, მეორეა – კონკრეტული შინაარსის მქონე მოქმედებები. შესაძლოა, ძალიან საკამათო რამეს ვამბობ, რა თქმა უნდა, ბევრიც კეთდება, მაგრამ მაქვს განცდა, რომ გარკვეულ დროში ვაგვიანებთ და ან თუნდაც მცირედთ ვაკლებთ პროცესს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონი დღეს გეოპოლიტიკურ მოძრაობაშია მოსული, უჩვეულო ალიანსები იკვრება თუ იგეგმება, ვისმენთ ინიციატივებს, რომელთა მოსმენაც კი რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. ამრიგად, ვიმეორებ, ცოდნაზე დაფუძნებული მეტი იმპროვიზაცია გვმართებს, რადგან ხვალ სამოქმედო არეალი როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისთვის შესაძლოა, გაცილებით მცირე იყოს, ვიდრე ამის საშუალებას სადღეისოდ არსებული მოცემულობა გვაძლევს.

რეგიონალურ უსაფრთხოებზე საუბრისას თქვენ 90-იანი წლები ახსენეთ.. რას გულისხმობდით?

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ქართულ ინსტიტუტებს არ ვგულისხმობ, არამედ ის რომ თავად რეგიონი გახდა არაპროგნოზირებადი. რუსეთი და თურქეთი გლობალური გადმოსახედიდან საშუალო რანგის მოთამაშეები არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რეგიონში ანგარიშგასაწევ მოთამაშეებად არ გვევლინებიან. სწორედ რეგიონალური მოთამაშეების გააქტიურებამ გახადა ვითარება სახიფათო და კიდევ უფრო მოწყვლადი (90–იან წლებში რუსეთი ნაკლებად ამბიციური იყო, თურქეთს სხვა პოლიტიკა ჰქონდა – ნულოვანი პრობლემები სამეზობლოსთან). ასევე, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ბაქოს მხრიდან ასე ვთქვათ, მომძლავრებულ რეგიონალურ ამბიციას ვხედავთ. ჯამში, ეს ყველაფერი წარმოშობს შეკითხვებს, ჩვენი პოლიტიკური, მათ შორის,საგარეო-პოლიტიკური, თუ სამხედრო ინსტრუმენტების მდგომარეობა ასეთი გამოწვევებისა და რისკების ადექვატურია? ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და რაც მალე, მით უკეთესი, რადგან აქ გარღვევა გვაქვს და არა ჩვენს სასარგებლოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები