კალაძე – დემონტაჟზე: „საფუძვლიანი ეჭვია, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან“
15/12/2020 14:11:33 პოლიტიკა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებობს "საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ".
როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, "თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა".
"ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა კანონით დასჯადია, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არც ერთ გაფრთხილებას და ამ უკანონო ქმედებებს აგრძელებენ.
სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია“,-განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა სოზარ სუბარმა მისცა:
"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები".
იხილეთ ასევე: ლომჯარია: "ზამთარში დემონტაჟი წარმოშობს არაადამიანური მოპყრობის რისკებს"
„ყველას ვპირდებოდი, სადაც შესაძლებელი იქნება, დავეხმარებით დაკანონებაში“


