აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია: ოპოზიცია თბილისთან დიალოგის წინააღმდეგია, ხალხი - მომხრე

21-12-2020 22:31:32 კონფლიქტები

7 დეკემბერს აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოსცა ბრძანებულება «აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ». დოკუმენტში ეროვნული ინტერესების პრიორიტეტებთან, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე თანამშრომლობისთვის ღიაობასთან, საგარეო კონტაქტების მრავალშრიანობასთან ერთად, მოყვანილია კონკრეტული მიზნები, რომელთა მისაღწევად ეროვნული ინტერესების საფუძველზე სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა უნდა მიმართოს.

კონცეფცია სულ 11 პუნქტს მოიცავს, რომლებიც საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრს ეხება — დაწყებული სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, როგორც აფხაზეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ მისი მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვით, დამთავრებული სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი საგარეო პირობების შექმნით. აქ საუბარია როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ისე უცხოეთში რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების განხორციელებაზე. მთავარი აქცენტი კი კეთდება შემდგომ მუშაობაზე აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად, ასევე პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებასა და რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. არ გამორჩენიათ დოკუმენტის ავტორებს ასევე კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თემა, ისევე, როგორც აფხაზეთის გაერთიანება გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ინსტიტუტებში.

თუმცა პირველად მსგავს დოკუმენტში გაჩნდა გრაფა, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებს შეეხება. კერძოდ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გარდა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეც არის საუბარი.

ამ პუნქტმა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთნი საქართველოსთან ნებისმიერი სახის დიალოგის წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა დიდი ნაწილი მას ყოველმხრივ უჭერს მხარს. ცხარე კამათის ინიციატორად კი გაერთიანებული ოპოზიცია გვევლინება, რომელმაც ესოდენ მნიშვნელოვან დოკუმენტში საქართველოსთან დიალოგის შესახებ პუნქტის შეტანა ღალატის ტოლფასად გამოაცხადა და კონცეფციიდან მისი ამოღება მოითხოვა.

«კონცეფციის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს პირობების შექმნას საქართველოსთან მრავალშრიანი მოლაპარაკებებისთვის, რომლის ფარგლებშიც გაჩნდება ქართულ მხარესთან იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობა, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ოპოზიციის აზრით, ეს პუნქტი მისი რეალიზების შემთხვევაში «არა მარტო უკანა რიგებში გადაწევს ჟენევის დისკუსიების ფორმატს, რომელიც მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების საფუძველზე არსებობს, არამედ დააქვეითებს მოლაპარაკებათა პროცესს». ოპოზიციონერები შიშობენ ასევე, რომ მოლაპარაკებათა სტატუსის შეცვლის გამო აფხაზეთმა შესაძლოა, არა მარტო «დაკარგოს საერთაშორისო შუამავლები», არამედ ფორმალურად საერთაშორისო აღიარებამდელ პერიოდს დაუბრუნდეს.

თუმცა აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც დიდწილად ყოფილი ჩინოსნებითა და ომის ვეტერანებითაა დაკომპლექტებული. ხოლო პარლამენტისადმი ოპოზიციის მოწოდებამ, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბოს და შემდგომმა მუქარამ, «მიიღოს უფრო რადიკალური ზომები», თუკი ხელისუფლება კონცეფციაში ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ შესწორებებს არ შეიტანს, საერთოდაც აღშფოთება გამოიწვია. «მრავალი წლის განმავლობაში პირველად ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპების დეკლარირებიდან რეალურ ქმედებებზე გადასვლა სცადა, ჩვენი ყოფილი ჩინოსნები კი, რომლებმაც საკუთარი თავებისთვის გარკვეული საფრთხე იგრძნეს, ერთხმად დაიწყეს ყვირილი სამშობლოს ინტერესების ღალატზე. სასაცილოა ეს ყველაფერი. როდესაც თავად იყვნენ ქვეყნის სათავეში, ყველა გზით გვითრევდნენ ვალებში, იტაცებდნენ და ითვისებდნენ იმ მცირეოდენს, რაც აფხაზეთს ჯერ კიდევ რჩებოდა. და ეს ღალატი არ იყო. ხოლო როცა ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, მოიქცეს, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო, აყვირდნენ, ჩვენ კარგები ვართ, თქვენ კი — მოღალატეებიო! მოსასმენადაც კი საზიზღრობაა», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ანატოლი. მისივე აზრით, აფხაზეთი ვალდებულია, ჩამოაყალიბოს დიალოგი ყველა ქვეყანასთან, უპირველესად კი - მეზობლებთან. «რუსეთი რა, ერთადერთია?! ანდაც რა, უარს ვამბობთ მასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე? თუმცა რა პარტნიორობა ესაა? - ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი. თუკი დემოკრატიულ ქვეყნად ვაცხადებთ თავს, შესაბამისადაც უნდა ვიქცეოდეთ და არა როგორც რაღაც ბნელი ბრბო. საუბარია საქართველოსთან მრავალშრიან დიალოგზე. რა არის ამაში ცუდი?!», - თვლის ანატოლი.

სხვა ჩვენი თანამოსაუბრე — დენისი საერთოდაც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნებისმიერი პლატფორმის გამოყენება, რომელზეც აფხაზეთი და საქართველო დიალოგის წარმოებას, პრობლემების გადაჭრასა და მიმდინარე საკითხების მოგვარებას შეძლებენ. «საიდუმლო არაა, რომ ჟენევაში ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილია არა მოლაპარაკებების მონაწილედ, არამედ მესამე მხარედ, რომელსაც აზრს ყოველთვის როდი ეკითხებიან. ეს, როგორც ვატყობ, ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს დაავიწყდათ! თუ გაჩნდა შესაძლებლობა, საქართველოს წინაშე ჩვენი პოზიცია პირისპირ და არა შუამავლების მეშვეობით გამოვხატოთ, ეს რა, ცუდია? თუ კვლავინდებურად გვსურს, ჩვენს შესახებ და ჩვენს მაგივრად რუსებმა ან სხვა უცხოელებმა ისაუბრონ?!», - ამბობს დენისი. მისი აზრით, აფხაზეთს ძალუძს, საკუთარი პოზიცია საქართველომდე თავად მიიტანოს, ყოველგვარი უცხო ჩარევების გარეშე. იგი ნანობს, რომ ეს აქამდე არ გაკეთდა.

გაერთიანებული ოპოზციის ბრალდებების საპასუხოდ აფხაზეთის რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მთავარი არსი ასეთია: კონცეფცია საერთაშორისო პლატფორმებზე აფხაზეთის მდგომარეობას გაამყარებს.

«მრავალი წელია, ერთ ადგილს ვტკეპნით და საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ფორმირება, ჩვენი აზრით, დროითაა ნაკარნახები. გადატვირთვის აუცილებლობა დიდი ხანია, გამოიკვეთა», - ნათქვამია, კერძოდ, პარტია «აფხაზეთის სახალხო ფრონტის» განცხადებაში.

«სახალხო დონეზე საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დიდი ხანია, ჩამოყალიბდა და აქ საუბარია საკმაოდ მსხვილ მასშტაბებზე. იმედია, ამის უარყოფას არავინ დაიწყებს. მესმის, რატომ არ სურს ბევრს, ეს მრავალწლიანი ურთიერთობები სახალხო დონიდან სახელმწიფოებრივზე გადაიყვანონ. რაღა თქმა უნდა, არავის სურს, დაკარგოს მილიონობით რუბლი, რომელსაც არალეგალურად შოულობს. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ისინი ნებისმიერ დიალოგს. მაგრამ რატომ უნდა იტანოს ჩვენმა სახელმწიფომ კვლავაც განუკითხაობა, რომელზეც ორზე მეტი ათწლეულის განმავლობაში თვალს ხუჭავდა ყველა ჩვენი წინა ხელისუფლება? ჩვენ ხომ არავინ გვიკიჟინებს, მწყობრი ნაბიჯით დავბრუნდეთ საქართველოს შემადგენლობაში?! დიალოგი — ეს არა ღალატი, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, შედეგს არა რუხი სქემებით, არამედ სრულიად გამჭვირვალე და ცივილიზებული გზით მივაღწიოთ», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე ეთერი. ქალბატონის აზრით, ამ თემის ირგვლივ მთელი ხმაური უპირველესად, ცალკეულ პირებს აწყობთ, მაგრამ არა აფხაზეთის მოსახლეობას. «დაგვღალა ცხოვრებამ კრიზისსა და ნანგრევებში. ჩვენს ხალხს უფლება აქვს, იურთიერთოს არა მარტო რუსეთთან, არამედ მთელს დანარჩენ მსოფლიოსთანაც, ისწრაფვოდეს უკეთესისკენ და გადმოიღოს საუკეთესოთა გამოცდილება. რაც მალე გავითავისებთ ამ ჭეშმარიტებას, მით მალე დავიწყებთ უკეთ ცხოვრებას», - დარწმუნებულია ეთერი.

ინტერნეტ-სივრცეში აფხაზეთის «ნათელი მომავლის» მქადაგებლების მთელი ამ უაზრობის, არაპატრიოტიზმსა და ღალატში ბრალდებების კითხვისას მიჩნდება კითხვა: ჩვენ რა, იმდენად გვეშინია საქართველოსი, რომ არ გვსურს მასთან დიალოგი, თუ ეს ერთგვარი მოჩვენებითი პოზიციაა, რათა რუსეთს არ ვაწყენინოთ? და კიდევ: იმდენად აღარ გვჯერა საკუთარი ძალების, რომ მესამე მხარეებს ვაძლევთ უფლებას, ჩვენი პრობლემები და საკითხები გადაგვიჭრან, თუ გასული 28 წლის განმავლობაში მიგვაჩვიეს იმას, რომ არაფრის მაქნისი, უნებისყოფო სახელმწიფო ვართ?!

დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას ახასიათებს მთელი რიგი ფუნქციები, რომელთა შორისაა კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების რაციონალიზაცია, მათი ჩაყენება მოქალაქეებისა და სახელმწიფოების ცივილიზებული დიალოგის კალაპოტში. ასეთია საერთაშორისო სამართლის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სპეციალისტთა უმრავლესობის პოზიცია. ძალიან მინდა, აფხაზეთი იქცეს ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, როგორადაც თავი ჯერ კიდევ შორეულ 90-იან წლებში გამოაცხადა, ან მიუახლოვდეს მაინც კონსტიტუციაში დეკლარირებულ სახელწოდებას. მაგრამ იმისათვის, რომ განვითარებისკენ გზაზე პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადაიდგას, ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს ლაქიობა, გამოვიდეს რუსეთის ჩრდილიდან და დაიწყოს დამოუკიდებლად ურთიერთობა მთელს მსოფლიოსთან, თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე. ამისათვის კი არა მხოლოდ სურვილია საჭირო, არამედ რკინის ნებაც, სხვა შემთხვევაში ჩვენს ხალხს მოუწევს, დაივიწყოს სამომავლო განვითარება და გააგრძელოს საწყალობელი არსებობა.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები