"მაქსიმ შევჩენკო კრიტიკულია პუტინის მიმართ და საქართველოში მის შემოსვლაზე ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება"
22/12/2020 12:52:15 პოლიტიკა
"რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო კრიტიკულია პუტინის მიმართ და საქართველოში მის შემოსვლაზე ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება", – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ასაკის ვარ და რუსულიც საკმაოდ კარგად ვიცი, არ დაგიმალავთ, რუსულ მედიასა და ტელევიზიებს დიდად თვალს არ ვადევნებ. აქედან გამომდინარე, ამ ჟურნალისტის საქმიანობის დეტალებს ვერ გეტყვით. მაგრამ ერთი რამ, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ რამდენადაც ეს რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია, აჟღერებს პუტინისადმი, მისი საქმიანობისა და მმართველობისადმი კრიტიკას. შესაბამისად, ასეთი ჟურნალისტი თუ შემოდის საქართველოში, ამის გარშემო ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება. ასევე, ჩვენ გვესმის შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურებიდან, რომ ამ ადამიანს არ დაურღვევია არც ოკუპაციის შესახებ კანონი და არც ზოგადად, კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებოდა დაკავებული. ალბათ, მომავალშიც ჩვენ გვექნება გამოგონილი თემები, რადგან ოპოზიცია დარჩენილია ქუჩაში და მას დასჭირდება, რომ გამოგონილი თემებისგან შექმნას აჟიოტაჟი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: რუსი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მაქსიმ შევჩენკო, რომელსაც "საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი" აქვს დარღვეული, თბილისში იმყოფებოდა. ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა.
როგორც შევჩენკომ აღნიშნა, საზღვრის გადაკვეთაში მას ქართული მხარე დაეხმარა. კერძოდ, რუსი ჟურნალისტის თქმით, "მას საქართველოს ხელისუფლებაში კარგი ნაცნობები ჰყავს".
შევჩენკო აცხადებს, რომ ვიზიტი დახურული ფორმატის იყო და ის რამდენიმე პოლიტიკოსსაც შეხვდა.
"განჯაში ყოფნის დროს დავურეკე ჩემს მეგობრებს საქართველოში. ვუთხარი: გენაცვალეთ, ახლოს ვარ და მინდა, ჩაგეხუტოთ. მაგრამ ვიცი პანდემია გაქვთ და შემოსვლას ალბათ ვერ შევძლებ. მითხრეს, მოიცა ახლავე მოვაგვარებთ რამესო...მე საქართველოს ხელისუფლებაშიც მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს, მოდი ჩვენთან, გვიხარია შენი ნახვაო. საზღვარზე რაღაცები შეავსეს, ალბათ საათნახევარი გავჩერდი, რაღაცები მოაგვარეს და აი, უკვე თბილისში აღმოვჩნდი. ბოდიში მინდა, მოვუხადო ჩემს მეგობრებს, რომ არ გავაფრთხილე, მაგრამ ეს იყო ერთგვარი დახურული ფორმატის ვიზიტი, კომუნიკაცია მქონდა რამდენიმე პოლიტიკოსთან", - განაცხადა შევჩენკომ.
თავის გადაცემაში მან იცის აღნიშნა, რომ ვიზიტს საქართველოში ისევ გეგმავს და სვეტიცხოვლისა და სვანეთის მონახულებას აპირებს.
მაქსიმ შევჩენკო ნამყოფია როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში. შესაბამისად, მას დარღვეული აქვს "საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
იხილეთ ასევე: ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ბრძოლა, ამჯერად - შევჩენკოსგან


