ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ბრძოლა, ამჯერად - შევჩენკოსგან

10-06-2020 15:46:27 მითები და სტერეოტიპები

რუსი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მაქსიმ შევჩენკო ვარაუდობს, რომ “ერაყში აშშ–ის შეჭრის საპასუხოდ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს და საბაბად ლუგარის ლაბორატორია გამოიყენოს”. ეს მოსაზრება მან “Эхо Москвы”-ს სტუდიაში სტუმრობისას გამოთქვა:

საგულისხმოა, რომ მის ამ მოსაზრებას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “Фაქტ Фრონტი” ავრცელებს. ვიდეოს სათაურით “ერაყი vs საქართველო” გასდევს ქართულენოვანი წარწერა “ბაქტერიოლოგიური, ქიმიური იარაღი იყო ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების მიზეზი”.

ეს მორიგი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს კრემლის პროპაგანდისტული მანქანა თავად რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის – საქართველოშიც.

სულ ახლახანს ლუგარის სახელობის ცენტრის წინააღმდეგ მორიგი აბსურდული დეზინფორმაცია გაავრცელა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმაც: “საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პატრიოტულად განწყობილი წარმომადგენლებისგან მიღებულ მონაცემებზე” დაყრდნობით იგი აუწყებს ადგილობრივებს, რომ “ლუგარის ლაბორატორიაში იქმნება ბიოლოგიური იარაღი, რომელიც სამხრეთ ოსური პოპულაციის წერტილოვან განადგრებაზეა მიმართული”.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რომელსაც კრემლის ერთ-ერთი ცნობილი რუპორი – “სპუტნიკი” ავრცელებს, “ასეთ ამოცანას უსახავენ საქართველოს ხელისუფლებასა და საკუთრივ ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელობას ამერიკელი კურატორები საქართველოში აშშ-ის არმიის სამედიცინო-კვლევითი ქვედანაყოფიდან”.

“გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიას დაუსახეს ამოცანა, ჩვენს რესპუბლიკაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლი, სამხრეთ ოსეთში მასობრივი ინფექციური დაავადებების, სეზონური გრიპების გამომწვევი სპეციფიური ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ მონაცემები შეაგროვოს. ლაბორატორიას ასევე დაევალა, ჩაატაროს დივერსიული ოპერაციები, მიმართული მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის განადგურებაზე, ეპიზოტოპიის შემთხვევევის ხელოვნურ გამოწვევაზე, ასევე ჩვენი სოფლის მეურნეობის ლუგარის ცენტრში შექმნილ ვაქცინებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე" - ირწმუნება დე ფაქტო უშიშროება.

ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსგავსი გაუგონარი პროპაგანდისტული გზავნილები და მათთან ერთად უადგილო ხისტი მოთხოვნები გაისმის თავად რუსეთიდანაც, სადაც, ცხინვალის მსგავსად, ეპიდემიოლოგიური ვითარება არასახარბიელოა. კერძოდ, რუსეთი თბილისის ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებას და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას მოითხოვს, თანაც სურს, ეს ვიზიტი ორმხრივ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე განხორციელდეს.

თბილისმა, რომელმაც ადრეც არაერთგზის მოიწვია რუსეთის წარმომადგენლები, სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად სწვეოდნენ ლუგარის ლაბორატორიას ინსპექტირებისთვის, რომელიც წარმატებით ჩატარდა და დასკვნაც მომზადდა, რომლის თანახმად, ეს ცნეტრი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ფუნქციონირებს, კრემლის მორიგ ბრალდებებს უსაფუძვლო სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ყოველთვის მზადაა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მისაღებად, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კონვენციების პირობებისა და წესების დაცვით:

"რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში საქართველო მზადაა, განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად. რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება, იყოს, დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები. საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში კი ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს მოწოდებით, შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება.

"ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის - რუსი ექსპერტების მონაწილეობით," - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები