კალაძემ ჟურნალისტები "გრინსერვისში" გადაამისამართა: "მე ვარ დაინტერესებული, მივიღო პროდუქტი, რომ გავალამაზო კახეთის გზატკეცილი"
25/12/2020 18:00:08 პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტები, რომლებმაც მას კითხვები კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფი ზოლის მოსაპირკეთებლად შეძენილ თეთრ ქვებთან დაკავშირებით დაუსვეს, კომაპნია "გრინსერვისში" გადაამისამართა.
"ტრანზაქცია კანონდარღვევით განხორციელდა თუ არა ეს კომპანიას ჰკითხეთ. მე ვერ გეტყვით. მე რატომ მეკითხებით?! ჩვენ ვართ მუნიციპალიტეტი და გამოცხადებული გვქონდა ტენდერი", – მიმართა მერმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, "ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმით, როგორ განხორციელდა ფულის ტრანზაქცია საქართველოდან ირანში", თბილისის მერმა შემდეგი განაცხადა:
"მე ვარ დაინტერესებული იმით, მივიღო პროდუქტი, რომელიც ჩემი ქალაქისთვის – თბილისისთვის და თბილისელებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გავალამაზო კახეთის გზატკეცილი, რომელიც არის ულამაზესი".
თბილისში კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფი ზოლის მომწყობი კომაპნია "გრინსერვისი" განმარტავს, რომ თეთრი ქვები, რომლითაც გზაგამყოფი ზოლი უნდა მოპირკეთდეს არის ქართული კომპანიის მიერ შემოტანილი და არ არის ირანული წარმოშობის, ხოლო ტომრები არის ირანული.
“კომპანია, რომელიც დასახელდა, იმის ნახმარ ტომრებში არის ჩაყრილი ქვები. ამ ტომრებში ოდესღაც ეყარა პოლიმერ ქლორიდი, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში. შემდეგ ვიღაც ყიდულობს ამ მეორად ტომარას, შიგნით ყრის ქვას, ან მზესუმზირას და ყიდის. ჩვენ ეს ქვები ვიყიდეთ “როიალ სტოუნისგან”, რომელიც ქართული კომპანიაა”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ლაშა ფურცხვანიძე “ფორმულასთან”.
ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობის" რიგმა წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია და ფოტოები, რომლის თანახმად, თბილისის მერია იყენებდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული კომპანია Arvand Petrochemical company-ის მიერ მოწოდებულ ქვებს, რაშიც მერიამ 3 მილიონამდე ლარი გადაიხადა.


