მთავრობა საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ, 60%–ის აცრას წლის ბოლომდე გეგმავს
21/01/2021 07:18:30 პოლიტიკა
დღეს დამტკიცდება გეგმა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ, 60%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
„ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი.
ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე აცრას ექვემდებარებიან 18 წელს ზემოთ მოქალაქეები.
საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯამში ქვეყანაში ვირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 238 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 998 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.
იხილეთ ასევე: საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრობა ცნობილია


