„რუსეთს ქართულ შიდაპოლიტიკაზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი არ აქვს და რაც დასჩა, იმის გამოყენებას ეცდება“

12-03-2021 13:06:46 კომენტარი

"საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებლის დავით ბრაგვაძის ანალიზით, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის 9 მარტის განცხადების ადრესატი არა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, არამედ, თავად პოლიტიკური აქტორები არიან და ქვეყანაში არსებული კრიზისის მხარდაჭერას და წახალისებას ისახავს მიზანს. ამ კონტექსტში ბრაგვაძე „აქცენტთან“ განმცხადებლის ფორმალრ სტატუსზე ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ ეს გარემოება გზავნილის პროვოკაციულ შინაარსს უსვამს ხაზს.

ბრაგვაძის დაკვირვებით, განცხადების მიზანი პოლიტიკური აქტორების პრვოკაციაზე წამოგებაა, ხოლო მოვლენათა განვითარება უკვე თავად აქტორების სტრატეგიასა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული:

„ეს განცხადება ღია გზავნილია იმის შესახებ, რომ რუსეთი აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ხედავს, რომ გარკეული სირთულეების წინაშე ვდგავართ. კონტექსტისთვის ფორმალურ სტატუსსაც აქვს მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ განცხადება გაკეთდა არა საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილის, საკანონმდებლო ორგანოს რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის ან რომელიმე სხვა მსგავსი თანამდებობის პირის, არამედ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის მხრიდან, ხაზს უსვამს განცხადების პროვოკაციულ შინაარსს: ეს არა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერაა, არამედ, მხარდაჭერა კრიზისის მიმართ და მიზანდ ისახავს ზოგადად კრიზისის წახალიზებას, გაღრმავებას და მაქსიმუმ, დესტაბილიზაციაში გადაზრდას“.

ბრაგვაძის ანალიზით, კრემლში აცნობიერებენ, რომ საქართველოში შექმნილი სტატუს–კვოს და და საზოგადოებრივი განწყობების ფონზე, შეულებელია ქვეყანაში მართვის სადავეები ხელთ ღიად პრორუსულმა ძალებმა იგდონ, შესაბამისად, მათთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ან იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ მთავარია ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება:

„ეს პირდაპირ არ უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ვისაც არ უნდა გაემარჯვა ამ არჩევნებში, რუსეთი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებდა მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად. იმავეს აკეთებს ახლაც და თან რთული კრიზისის ფონზე, რომლის გადაწყვეტის პროცესში უკვე მაღალი დონის ევროპელი დიპლომატები არიან ჩართულნი.

რუსეთი ცილობს კრიზისის გამოყენებას, ხოლო რამდენად ეფექტურად გამოიყენებს მას, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რომელშიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ვცხოვრობთ. რაც უფრო არასტაბლურია ვითარება უშუალოდ საქართველოში თუ რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყანაში, ამით რუსეთი სარგებლობს. უცნარია, მაგრამ სამეზობლოში სტაბილური ვითარება რუსეთის ინტერესებში არ შედის და ეს ხაზი პუტინის რუსეთის პირობებში კიდევ უფრო გაძლიერებულია“.

მისი დაკვირვებით, რუსეთს საქართველოს შიდაპოლიტიკაზე ზეწოლის მრავალფეროვანი არსენალი არ აქვს და რჩება ერთადერთი გზა – ჩვენს მიერ შექმნილ კრიზისებზე მოახდინოს კარკვეული კაპიტალიზაცია:

„რუსეთს ქართულ შიდაპოლიტიკაზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი არ აქვს. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, რომ შეუძლია, ყოველგვარი მიზეზის გარეშე იფიქროს სამხედრო ინტერვენციაზე. თუმცა, ამის ნიშნები ამ დროისთვის არ ჩანს. ამდენად, რაც აქვს არსენალში, იმის გამოყენებას ეცდება და ეს არსენალიც ამ მოცემულობაში მაინც და მაინც მრავალფეროვანი არაა: 2008 წლის მოვლენების, განსაკუთრებით ორი ანკლავის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, რუსეთმა ქართულ შიდაპოლიტიკაზე ზეწოლის პრაქტიკულად, ყველა ბერკეტი დაკარგა. ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალა, რომლის შესახებაც არსებობს დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ეჭვი კრემლთან კავშირის თაობაზე, ქვეყანაში დაბალი ავტორიტეტით სარგებლობს – იყო 5%–იანი მხარდაჭერა და იკლო 3%–მდე. ამდენად, არ ველი, რომ ამ მიმართულებით კრემლს რაღაც განსაკუთრებული „ფოიერვერკის“ მოწყობა შეუძლია. ქვეყნის შიგნით რუსეთის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მან შეძლოს საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ძირითად ვექტორებზე გავლენის მოხდენა“.

ამავე თემაზე: „მიგვანიშნეს, რომ ახლა იწყებენ მღვრიე წყალში თევზაობას“ – რას ნიშნავდა კრემლის ახალი გზავნილი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები