„სამადაშვილმა ალტერნატიული წინადადება შემოგვთავაზა“ – მეგრელიშვილი დახურული შეხვედრის დეტალებს ჰყვება
31/03/2021 13:44:40 პოლიტიკა
ვერ ვაჩვენეთ, რომ პაპუასები არ ვართ,– ასე აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით საქართველოსი გამართულ შეხვედრებს, რასაც ამ ეტაპზე შეთანხმება არ მოჰყოლია, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, მედიატორმა მთავარ პრობლემად პოლიტიკური კლასის წარმომადგელების ერთმანეთისადმი უნდობლობა გამოყო.
„იმედები აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენს საქმეს ვიღაც გააკეთებს, გვიშველის, დაგვალაგებს... დანიელსონმა გუშინ შეხვედრა იმით დაიწყო, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა უნდობლობაა: ადამიანები იმდენად არ ვენდობით ერთმანეთს, რომ სიტყვებს ფასი არ აქვს, გვჭირდება მესამე პირები, რომ დაიმახსოვრონ, რას ვლაპარაკობთ. იმდენად არ გვენდობიან, რომ ტელეფონების შეტანა [მოლაპარაკებაზე – რედ.] გვაქვს აკრძალული. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, როდესაც მაგალითად, დოკუმენტს გაცლიდნენ, რომ ეს დოკუმენტი არ გაჟონილიყო. ეს არ არის ნორმალური საზოგადოების პოლიტიკური ელიტა. პაპუასებივით გვიყურებენ, პაპუასები ვართ! ვერ ვაჩვენეთ, რომ არ ვართ“.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, 30 მარტის მოლაპარაკების მაგიდაზე უკეთესი დოკუმენტი იდო, ვიდრე წინა შეხვედრებზე, თუმცა მხარეებს არ აღმოაჩნდათ რეალური ნება შეთანხმებისთვის.
„სალომე სამადაშვილმა ერთ მომენტში შემოგვთავაზა ალტერნატიული წინადადება, რომელსაც ჩემი აზრით, შეეძლო განემუხტა ვითარება სურვილის არსებობის შემთხვევაში: გიორგი რურუას „ქეისი“ განხილულიყო ამნისტიის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა 20 ივნისს, ნიკა მელიას და ა.შ. მე მაშინვე მხარი დავუჭირე ამ წინადადებას. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კონტრარგუმენტების მოტანა.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ფორმალური გაგებით, სხვებთან შედარებით კონსტრუქციული იყო, მას სხვაზე გადაბრალება უფრო უნდოდა, რომ სხვას მისწერებოდა შეთანხმების ჩაშლა“,– განაცხადა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთმანეთს დააკისრებს პასუხისმგებლობას, შედეგი კი ისაა, რომ ქვეყანა კვლავ კრიზისში რჩება.
ამასთან, მეგრელიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიატორის ერთ–ერთი წინადადებით, ენმ–ის თავმჯდომარის გირაოს ევროკავშირში შექმნილი ორგანიზაცია გადაიხდიდა.
„ეს ადამიანები კონფლიქტის გამო სხედან ციხეში და თუ კონფლიქტს გავაგრძელებთ, სხვა მსხვერპლებიც გვეყოლება“,– დასძინა მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
იხილეთ ასევე:
რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია
რომელ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები
რატომ არ იყო დოკუმენტში რგგარეშე არჩევნების საკითხი


