"დანიელსონის დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა არსებობს"

16-04-2021 11:09:26 პოლიტიკა

"კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა არსებობს", – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"დანიელსონმა თავის დოკუმენტში შეიტანა ზოგადი ამნისტია, რომელიც უკავშირდება 2019 წლის ივნისის მოვლენებს და მთავრობაც განიხილავს ამ შესაძლებლობას, როგორც ერთიანი პაკეტის ნაწილს. არ არსებობს არანაირი საფუძველი ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ ჩვენ ვისაუბრებთ 2020 წლის არჩვენების შედეგებით – უკვე გაცხადებულია, რომ ეს არჩევნები წარმომადგენლობითი იყო. თუმცა არის შესაბამისი გზა, რომელიც დანიელსონის დოკუმენტის მიხედვით, მიგვიყვანს ამ არჩევნებამდე. ეს არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ამის შემდგომ უკვე შეიძლება, შეიქმნას ახალი არჩევნებისთვის საფუძველი", – აცხადებს ვოლკერი.

მისივე თქმით, საქართველოს პრობლემის გადაჭრის გზას გარე მხარე ვერ დააძალებს, თავად ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ საკუთარი პასუხისმგებლობა და წავიდნენ კომპრომისზე:

"ზეციდან ვერც აშშ და ვერც ევროპა ვერ მოიტანს რაღაც გადაჭრის გზას. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მზად კომპრომისისთვის, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს. რა თქმა უნდა, ამას მთავრობა ცალკე ვერ გააკეთებს და ვერც ოპოზიცია ვერ გააკეთებს ამას ცალკე. აუცილებელია, მოლაპარაკება შედგეს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, რაც ყველა მხარემ უნდა დაინახოს, რომ ფუნქციური დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა შედგეს".

როგორც ვოლკერი აცხადებს, შეთანხმების ვერმიღწევა ქვეყნის იმიჯსა და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს ზიანს აყენებს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა კრიზისი გადაჭრილად ჩაითვალოს, თუ შეთანხმება შედგება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს შორის, ვოლკერმა შემდეგი განაცხადა:

"თან დიახ და თან არა. რა თქმა უნდა, ღრმა პოლარიზაცია გაგრძელდება, ვიდრე ორივე მხარე არ შეთანხმდება, რომ დაუბრუნდეს წესებზე დაფუძნებულ ინსტიტუციურ გარემოს".

იხილეთ ასევე: რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები