14-05-2021 20:12:47 კონფლიქტები
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის აღწერის ჩატარების შესაძლებლობა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები კი, უმეტეს შემთხვევაში, არასანდოა და ასახავს ისეთ დემოგრაფიულ ვითარებას, რომელიც აღნიშნულ რეგიონებში მოქმედი დე ფაქტო მთავრობების ინტერესებს შეესაბამება. აღნიშნული სტატიის მიზანია ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემების მეშვეობით აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მიმდინარე ცვლილებების ზოგადი მიმოხილვა.
აფხაზეთის მოსახლეობა 1989 წელს
1989 წელს საბჭოთა საქართველოში ჩატარებული ბოლო აღწერის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენდა 525 ათასამდე ადამიანს. ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით კი ყველაზე დიდი ჯგუფები იყვნენ ქართველები (239 872 - მოსახლეობის 45.7%), აფხაზები (93 267 - 17.7%), სომხები (76 541 - 14.6%) და რუსები (74 913 - 14.3%). 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. წარმოიქმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ტალღა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობა დაახლოებით 350 ათასი ადამიანი იყო, მათ ძირითად ნაწილს კი ეთნიკური ქართველები წარმოადგენდნენ.
აფხაზეთის მოსახლეობა 2003 წელს
1989 წლის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად დე ფაქტო მთავრობის მიერ ჩატარებული აღწერის შედეგებს ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, რთულია აფხაზეთის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა.
2003 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობა 214 016-მდეა შემცირებული, აფხაზები კი უკვე ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია. აფხაზების რაოდენობა შეადგენს 94 597 ადამიანს, რაც აფხაზეთის საერთო მოსახლეობის 44.1%-ია. ამ მონაცემების მიხედვით, აფხაზური მოსახლეობის რაოდენობა 1989 წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია, თუმცა, ეთნიკური ქართველების განდევნის ფონზე, აფხაზების პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია.
აფხაზების შემდეგ სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია სომხები - 44 869 (21%), რომელსაც მოსდევს ქართველები - 40 443 (19%). აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ 2003 წელს გამოქვეყნებულ მონაცემებში უკვე ცალკე ეთნიკურ ჯგუფადაა გამოყოფილი მეგრელები, რომელთა რაოდენობა 3 598 ადამიანია, რაც აფხაზეთის საერთო მოსახლეობის 1.7%-ია.
აფხაზეთში გამოქვეყნებული მონაცემებისგან განსხვავებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2003 წელს აფხაზეთის მოსახლეობა, რეალურად, 179 ათასამდე ადამიანს შეადგენდა.
აფხაზეთის მოსახლეობა 2014 წელს
დე ფაქტო მთავრობის შეფასებით, 2003 წელთან შედარებით, 2014 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აფხაზეთის მოსახლეობა 242 756 ადამიანი იყო. უდიდესი ეთნიკური ჯგუფი გახლდათ აფხაზები, კერძოდ, 123 767 ადამიანი - საერთო მოსახლეობის დაახლოებით 51%. სხვა ჯგუფებს შორის აღსანიშნავია ქართველები - 43 407 (მოსახლეობის 17.8%), სომხები - 41 944 (17.2%) და რუსები - 22 280 (9.1%). კვლავ ცალკე ეთნიკურ ჯგუფადაა აღნიშნული მეგრელები, რომელთა რაოდენობაა 3 238 ადამიანი, ანუ საერთო მოსახლეობის 1.3%.
აფხაზეთის მოსახლეობა 2020 წელს
2020 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ განაახლა მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ამ მონაცემების თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობა 245 424 ადამიანს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2003 წლის (დაახლოებით 13%) და მცირედით 2014 წლის მონაცემებს (დაახლოებით 1%).
1989 წელთან შედარებით, რადიკალურადაა შეცვლილი ეთნიკური შემადგენლობა. კერძოდ, აფხაზების, როგორც ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის, რაოდენობა 125 974-ია (საერთო მოსახლეობის 51.3%), რაც დაახლოებით 2.6-ჯერ აღემატება ეთნიკური ქართველების რაოდენობას (43 646 ადამიანი - მოსახლეობის 17.7%). ქართველები და მეგრელები კვლავ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფადაა მოხსენიებული. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აფხაზეთში 3 259 მეგრელი ცხოვრობს, რაც საერთო მოსახლეობის 1.3%-ია. ქართველების გარდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მსხვილი ეთნიკური ჯგუფებია ასევე სომხები (41 870 – 17%) და რუსები (22 468 – 9.1%).
ძირითადი დასკვნები