აფხაზეთი: ელექტროენერგია - წინაპრების მიწის ფასად?

18-05-2021 10:50:57 კონფლიქტები

უკვე რამდენიმე თვეა, აფხაზეთში ალქაჯებზე ნადირობენ. მაგრამ უწინდელივით - ალქაჯობაში ეჭვმიტანილთა ფიზიკური განადგურების ნაცვლად, რესპუბლიკაში მაინერების ძებნით დაკავდნენ. ხელისუფლება სპეცდანადგარების გამოყენებით კრიპტოვალუტის მწარმოებლებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრასა და უკანონო გამდიდრებაში ადანაშაულებს, - სწორედ ამ «კრიპტოჯადოქრების» გამო დაიწყო აფხაზეთის ელექტროენერგეტიკაში ყველა ის პრობლემა, რომელმაც ქვეყანა ლამის ქვის საუკუნეში დააბრუნაო. არადა, ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები აფხაზეთს თავად კრიპტოვალუტის ცნების გაჩენამდე ბევრად ადრე დაეწყო და წლების განმავლობაში გროვდებოდა. რესპუბლიკა ორი ათწლეულის განმავლობაში უმოწყალოდ უწევდა ექსპლუატაციას ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროს - კავკასიაში უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესს, ისე, რომ კაპიკს არ დებდა მის არც რემონტში, არც რეკონსტრუქციაში, არც მოდერნიზებაში, მხოლოდ იღებდა ელექტროენერგიას, თანაც ხშირად აჭარბებდა საქართველოსთან შეთანხმებით განსაზღვრულ 40%-ს (რეალურად, ბოლო წლებში აფხაზეთის მოხმარება პრაქტიკულად მუდმივად აჭარბებდა ამ 40%-ს, ზამთრობით კი 100%-საც აღწევდა).

ელექტროენერგიის სხვა წყაროები, რომელთა რაოდენობა რესპუბლიკაში სამ ათეულს აღწევდა, ან ომის დროს განადგურდა, ან მისი დასრულების შემდეგ გაიძარცვა. ამრიგად, მოსახლეობა ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროს იმედად იყო დარჩენილი.

ელექტროენერგიის ღირებულება აფხაზეთში მხოლოდ რამდენჯერმე გაიზარდა. ამ დროისთვის იგი მოსახლეობისთვის 40 კაპიკს შეადგენს (დოლარში — დაახლოებით ნახევარ ცენტს). ასე, რომ აფხაზეთს შეეძლო, ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფების მქონე ქვეყნების ჯგუფში ყოფილიყო. თუმცა მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ არაღიარებულობის მიზეზით იგი ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ ხვდება.

ამ დროისთვის ყველაზე იაფი (კვტ/სთ - სულ 0,1 ცენტი) ელექტროენერგია ინდოეთს აქვს. ამასთან, ქვეყანა სადღეისოდ მესამე ადგილზეა ელექტროენერგიის წარმოების თვალსაზრისით. მაგრამ ვინც ინდოეთშია ნამყოფი, იცის, რომ სისტემატიური «მარაოსებრი» გათიშვების გამო მთელი ქვეყანა დიზელის გენერატორებს მოიხმარს. ასეთია მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტარიფის «მედლის» მეორე მხარე. შემდეგ მოდიან ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ბუტანი, ირანი, რუსეთი (2,4 ცენტი), ნიგერია, უკრაინა (2,6 ცენტი) და ბანგლადეში.

მაგრამ აფხაზეთი, ჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით, ელექტროენერგიას არ აწარმოებს. უფრო სწორად, ნაწილობრივ აწარმოებს. და რატომღაც უკვე 27 წელია, არა მარტო არ დებს თანხებს ელექტროენერგიის მაგენერირებელ ერთადერთ ქვესადგურში, არამედ მისი მოხმრების საფასურსაც კი არ იხდის.

სახელმწიფოს მთელი ენერგოსისტემა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აშენდა, შესაბამისი რემონტის გარეშე მოძველდა და გამოუსადეგარი გახდა. მაგრამ ხელისუფლება ამ სავალალო მდგომარეობის კონსტატაციის ნაცვლად, ცდილობს, ეძებოს დამნაშავეები მაინერებისა და ვიღაც არაკეთილმოსურნეების სახით. ისინი კი არ არსებობენ. უფრო სწორად, არსებობენ, მაგრამ არა სადღაც იქ — მაგალითად, ენგურს გაღმა, არამედ აქ — ქვეყნის შიგნით. და ეს სხვა არავინაა, თუ არა თავად ჩვენ — აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც წლობით ვხუჭავთ თვალს ენერგეტიკის დარგში არსებულ ქაოსსა და განუკითხაობაზე.

ორიოდე წლის წინ, 2018-ში აფხაზეთის მთავრობამ ელექტროენერგიის ტარიფს გადახედა. მოსახლეობისთვის იგი უცვლელი დარჩა — 40 კაპიკის ფარგლებში. აი, სახელმწიფო ორგანოები და საბიუჯეტო დაწსებულებები კი (განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტების გამოკლებით), რომლებიც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ასევე მათთან გათანაბრებული მომხმარებლები, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ობიექტები, იმ დროიდან მეტს იხდიან — კვტ/სთ-ში 60-ის ნაცვლად 95 კაპიკს. თუმცა ეს დიდი ვერაფერი ზრდაა, განსაკუთრებით — იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მრავალი წელია, აფხაზეთი ელექტროენერგიას მეგობრის, მეზობლისა და პარტნიორის - რუსეთისგან 2,70 რუბლის ოდენობის ტარიფით ყიდულობს. გამოდის, რომ რესპუბლიკა ესოდენ მაღალ ფასად შეძენილ ელექტროენერგიას რუს სამხედროებს 3-ჯერ ნაკლებ ფასად აწვდის, - გასაოცარი ქველმოქმედებაა!

მსგავსი რამ აფხაზეთში თუ მოუვიდოდათ თავში! უკვე მრავალი წლის განმავლობაში სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში მყოფი რესპუბლიკა თავს უცნაური, ძნელად ახსნადი ქმედებების უფლებას აძლევს, რომელიც დაუშვებელია დამოუკიდებელი, განვითარების იმედის მქონე ქვეყნისთვის. ეს მონის ქცევას უფრო ჰგავს, რომელიც ცდილობს, ბატონის კეთილგანწყობა დაიმსახუროს. გაუგებარია, ვინ დააჩოქა აფხაზეთი ასე რუსეთის წინაშე. იქნებ თავად ჩვენ?

«რომელიმე სხვა ქვეყანაში გსმენიათ, უცხოელი სამხედროებისთვის მსგავსი შეღავათები დაეწესებინოთ? რუსეთმა პირობით რუბლად აფხაზეთში უამრავი მიწა იყიდა. მეტიც, მას აშენებული აქვს პრაქტიკულად მიუდგომელი დახურული რაიონები. აი, ელექტროენერგიასა და წყალში კი კაპიკებს იხდის! თანაც მათ სრული ხელშეუხებლობა აქვთ. რომც მოვთხოვოთ საფასური, ვერაფერს გავხდებით. მეტი დამცირება ჩვენთვის — აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ვერც კი წარმომიდგენია. სადაა ჩვენი თავმოყვარეობა?! თუ რუსეთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, მაშინ იხადოს იმაში, რომ ჩვენს ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ბაზები განათავსა და იცავს უპირველესად, არა ჩვენს, არამედ საკუთარ საზღვრებს!», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე მაქსიმი.

მეორე ჩვენი რესპონდენტის — არკადის აზრით, რუსეთის მსგავსი დამოკიდებულება საუკეთესოდ წარმოაჩენს აფხაზეთის პარტნიორის ჭეშმარიტ სახეს. «რუსეთს ჩვენთან უამრავი შეთანხმება აქვს გაფორმებული. ის წლიდან წლამდე გვაშინებს ზღაპრებით, თითქოს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა გვემუქრებოდეს. რეალურად კი, აფხაზეთისთვის ყველაზე დიდი პრობლემა და კატასტროფა რუსეთია. მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყანაში იხდიან რუსები კაპიკებს თავისი სამხედრო ბაზების განთავსებაში? აფხაზეთის გარდა, რომელ ქვეყანაში ანიჭებენ რუს სამხედროებს შეღავათებსა და იმუნიტეტს? მსგავსი რამ სხვაგან არსად ხდება. და ეს აფხაზეთის, მისი მოსახლეობის, მისი კონსტიტუციის, მისი კანონების მიმართ რუსეთის რეალური დამოკიდებულების მაჩვენებელია!», - თვლის არკადი.

გასულმა 2020-მა წელმა გვიჩვენა, რამდენად რთულია აფხაზეთში ენერგოუსაფრთხოების კუთხით ვითარება. 16-საათიანმა უშუქობამ და სიცივემ უპირველესად, ის წარმოაჩინა, რამდენად მასშტაბურია აფხაზეთის დამოკიდებულება რუსეთზე და ამ უკანასკნელის გავლენა ჩვენს რესპუბლიკაზე. დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს ერთადერთმა პარტნიორმა, რომელმაც მშვენივრად უწყის ყოვლისმშთანთქმელი კრიზისის თაობაზე, არ მოისურვა, არათუ ელექტროენერგიის ტარიფი შეემცირებინა, არამედ ელექტროენერგიით საკუთარი სამხედროები მაინც უზრუნველეყო ენგურჰესზე დატვირთვის შესამცირებლად.

«და რას ელოდით? მართლაც გჯერათ, რომ რუსეთს ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა აღელვებს? მისთვის მთავარი აფხაზეთში წარმოდგენილობაა ნებისმიერ ფასად. ჩვენ უკრაინა არ ვართ ან ბელარუსი, რომელთათვისაც რუსეთი საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად მზადაა, რესურსები ლამის უსასყიდლოდ გაიღოს. ჩვენ აფხაზეთი ვართ, რომელიც დიდმა მეზობელმა უკვე მიისაკუთრა, შთანთქა, ახლა კი გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა. ტიპური ქცევაა რუსეთისთვის, რომელიც ყველაფერს სპობს, რასაც ეხება», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე გივი.

კაციობრიობამ ელექტროობა დიდი ხნის წინ გამოიგონა და სადღეისოდ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ელექტროენერგია პრაქტიკულად ყველაფერშია საჭირო, რასაც გარშემო ვხედავთ. სცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ ერთხელ სახლში ელექტროენერგია გაგითიშეს - არა პროფილაქტიკის მიზნით ან ტექნიკური გაუმართავობის გამო, არა რამდენიმე წუთით ან ერთი-ორი საათით, არამედ სამუდამოდ და არა მარტო თქვენ, არამედ მთელს რესპუბლიკას. წარმოგიდგენიათ ამ უბედურების მასშტაბები? არადა, სულ ცოტა ხნის წინ — მას შედეგ, რაც იანვარში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო — ენგურჰესი სარემონტოდ გაჩერდა, აფხაზეთში თითქმის ასეთი ვითარება იყო შექმნილი. რესპუბლიკას ელექტროენერგიის რუსეთისგან შესყიდვა მოუწია, თანაც — იმ პირობებში, როცა საკუთარი ფული დიდი ხანია, აღარ აქვს და თავი მხოლოდ რუსეთის ფინანსური დოტაციების ხარჯზე გააქვს - იმ დოტაციებისა, რომელმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო და მეტიც — თითქმის სრულად შეწყდა (რადგან თავად რუსეთშიც ძალზე არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა, აფხაზეთის მუდმივი დოტირებაც ბევრს ამოუვიდა ყელში და ყველაფერთან ერთად, რუსეთს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გააჩნია, მათ შორის — აფხაზეთთან მიმართებაში). და აი, აფხაზურ სახელმწიფოს მოუწია, ელექტროენერგია ვალად, გარკვეული გარანტიებით შეესყიდა.

როგორ ფიქრობთ, როგორი იყო ეს გარანტიები? თუ თავად აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს (სარევიზიო რუსული დელეგაციების ვიზიტებს, ჩვენი და უპირველესად თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, ასევე მოსკოვის მიერ გამოგზავნილ «ჰარმონიზაციის» 45-პუნქტიან გეგმას) ყურადღებით დავაკვირდებით, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია: ეს გარანტიები იყო აფხაზური მიწა მასზე არსებული სტრატეგიული ობიექტებით. სწორედ ეს იყო ერთგვარი ბე განათებულ ბინებში ცხოვრებისთვის, — საფასურის გადახდის სხვა ვარიანტები ჩვენს რესპუბლიკას უბრალოდ არ გააჩნია.

ვალს გადახდა უნდა. ჰოდა, ჩვენ — აფხაზეთის მოქალაქეებს მოგვიწევს, საკუთარი უნიათობისა და უგუნურების ფასი წინაპრების მიწით ვიხადოთ. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს ხანებში - შესაძლოა, უკვე 2021-ში სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთის ტერიტორია სრულად იქცეს რუსეთის საკუთრებად.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები