კრემლის მორიგი „ანკესი“ თბილისისთვის?

24-05-2021 19:41:04 ინტერვიუ ,ანალიზი

ორიოდ დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას ტრადიციულად გაუზიარა რუსეთ–საქართველოს ორმხრივი დიალოგის ფორმატის ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრის მისეული ვერსია, თუმცა საინტერესოა, რომ რიგი დეტალები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ რელიზში არ მოხვდა. კერძოდ, კარასინის კომენტარი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მხარეები ფორმატის დეკლარირებულ მიზნებს გასცდნენ, რაც ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობას გულისხმობს: «რეგიონული პრობლემატიკის განხილვისას ყურადღება მივაქციეთ შესაძლებლობებს, რომლებიც ამიერკავკასიაში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის ერთობლივი განცხადებების კონტექსტში სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის კუთხით იქმნებაო“,– ამბობს კარასინი, თუმცა როგორ ხედავს ამ შესაძლებლობებს კრემლი, კარასინს აღარ უსაუბრია.

„აქცენტი“ კარასინის ვერსიის გადამოწმებას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეეცადა და როგორც ირკვევა, განსხვავებულია კონტექსტიც და შინაარსიც: კერძოდ, ზურაბ აბაშიძის ვერსიის თანახმად, საკითხზე მსჯელობა არ გამართულა, ხოლო თავად თემა რუსმა ჩინოვნიკმა არა რეგიონული პრობლემატიკის განხილვისას (როგორც კარასინი ირწმუნება), არამედ საქართველო–რუსეთს შორის არსებულ სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას ახსენა.

„მოვისმინე, მაგრამ განხილვა არ მომხდარა. მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია იყო მისი [კარასინის – რედ.] მხრიდან: ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ სავაჭრო–ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირებზე, როგორია დინამიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და სატრანსპორტო კავშირების განხილვისას ახსენა მან ძალიან მოკლედ, ორიოდ წინადადებით, რომ რუსეთი სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ ცნობილი შეთანხმების საფუძველზე მუშაობს. ეს იყო და ეს“ – განაცხადა „აქცენტთან“ ზურაბ აბაშიძემ.

„აქცენტი“ დაინტერესდა, ამავე კონტექსტში იყო თუ არა ნახსენები საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი და რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმება, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კერძოდ, აბაშიძე ამბობს, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი „არც ერთი სიტყვით არ ხსენებულა“, და არც თავად 2011 წლის შეთანხმებაზე ყოფილა ამ კონტექსტში საუბარი.

ინფორმაციისთვის: საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საქართველომ რუსეთთან 2011 წლის ბოლოს, ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მოაწერა ხელი. შეთანხმება შვეიცარიული კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემავალი ტვირთების მონიტორინგს გულისხმობს, თუმცა დოკუმენტის იმპლემენტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ოფიციალურმა თბილისმა არაერთგზის განმარტა, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი ეს გზა არ იქნება საერთაშორისო, თუმცა რუსული პროპაგანდა საპირისპირო ვერსიის შემოთავაზებას ცდილობს.

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა აკობია საკითხს ჰიბრიდული ომის კონტექსტში განიხილავს.

აკობიას ანალიზის თანახმად, „რუსეთი ცდილობს, საქართველოსთან ორმხრივ დიალოგის ფორმატში სამმხრივი თუ ექვსმხრივი ფორმატის საკითხები გააჩინოს“:

„ეს რუსული თამაშის ნაწილია: ცდილობს ჩვენებას, თითქოს საქართველო–რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ეტაპი 2012 წლიდან არსებობს, თითქოს რუსეთ–საქართველოს შორის ახალი დღის წესრიგი გაჩნდა და ძველი საკითხები აღარაა აქტუალური, თითქოს არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ახალ რეალობას“ აღიარებენ. მედიისთვის „გადმოგდებული“ რამდენიმე ფრაზის მეშვეობით ახორციელებენ საკითხის ფორსირებას“.

მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატისადმი აკობია ოპტიმისტურად არაა განწყობილი, მას აბაშიძის სიტყვებში ეჭვი არ შეაქვს, დარწმუნებულია რა, რომ საკითხის განხილვის ინიციატორი ქართული მხარე არ იქნებოდა და მას მაქსიმალურად მოკლე დროც დაეთმობოდა, რადგან მისი განმარტებით, კონკრეტული დერეფანი საქართველოსთან არც გეოგრაფიული, არც „შესაძლებლობების“ თვალსაზრისით არაა კავშირში. ის საქართველოსთვის საინტერესო პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას:

„აზერბაიჯანს და თურქეთს აქვთ შესაძლებლობა, აღმოსავლური ტვირთი გამოუშვას დასავლეთისკენ რუსეთის გვერდის ავლით, სწორედ ამისთვის არსებობდა აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფანზე ორიენტირებული სხვადასხვა პროექტები, მათ შორის „აბრეშუმის გზა“, მაგრამ ეს პროექტები რუსეთის აქტიური მოქმედებებით ნელ–ნელა უკანა პლანზე გადადის, ხოლო წინა პლანზე იწევს ჩრდილოეთ–სამხრეთის მარშრუტზე ორიენტირებული პროექტები (მათ შორის, აზერბაიჯანიდან ირანული და სხვა აღმოსავლური ტვირთის ასტრახანისკენ [რუსეთი – რედ] გადამისამართებაზე), რაც საქართველოსთვის და დასავლეთისთვის პრობლემატურია: ჩვენი ინტერესია, არა რუსეთის ჩართულობით პოლიტიზირებული, არამედ პოლიტიკისგან თავისუფალი მარშუტებით ტვირთის მოძრაობას შევუწყოთ ხელი“.

აკობია თვლის, რომ „ფუჭი დიალოგი“ კრემლის მიერ ორგანიზებული სტრატეგიაა:

„რუსეთს დივერსიფიცირებული ინტერესები აქვს: მცირე, საშუალო და დიდი მიზნები. კრემლი ამ „შემოგდებული“ თემებით მინიმუმ, ცდილობს, დღის წესრიგის შექმნას, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის ეს თემა [პოზიტიური დღის წესრიგი – რედ.] არსებობს, არსებობს ახალი რეგიონული ფორმატი, „არ გვჭირდება გარე პარტნიორები, თავადაც ვახერხებთ რიგი საკითხების გადაწყვეტას“. არც მედია, არც ექსპერტული საზოგადოება და მით უმეტეს, მთავრობა, ამ „ანკესს“ არ უნდა წამოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რიტორიკა „გამსხვილდება“, მედია, საზოგადოება, მთავრობა გადავეწყობით რეჟიმზე, თითქოს რუსეთთან რაღაც პოზიტიურ დღის წესრიგზე ვმუშაობთ, ნელ–ნელა რუსეთთან არსებული რეალური პრობლემების სიმწვავე უკანა პლანზე გადაიწევს და ეს საშუალო ვადიან პერსპექტივაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დაბნეულობას, მათი ჩართულობის შერბილებას და საკითხების უკანა პლანზე გადასვლას გამოიწვევს“.

რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით თურქეთისკენ მიმავალ დერეფანს, აკობია საქართველოსთვის პრობლემას არა თავად დერეფანში, არამედ რეგიონში აქტივობისთვის რუსეთის ხელთ არსებულ დამატებით ბერკეტებში ხედავს:

იხილეთ ასევე:კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდა?

„შეთანხმების მიხედვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტორად რუსეთი გვევლინება, რაც იმთავითვე გვაძლევს შფოთვის საფუძველს. გლობალიზებულ სამყაროში ეკონომიკური კავშირების არსებობა პოზიტიური მოვლენაა, თუ ის მშვიდობას უწყობს ხელს. მაგრამ საფრთხის შემცველია პროექტი, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს როგორც მხარე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ამა თუ იმ ვითარების პოლიტიკური მიზნით „აფეთქება“. არ გვაქვს პრეცედენტი, რუსეთმა რომელიმე საკითხზე მიუკერძოებელი და მშვიდობიანი მედიაცია გასწია. შესაბამისად, შეთანხმების შემდეგ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვა სწორედ ამის გამოვლინებაც არის.

თავად ნახიჩევანის დერეფანი აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია: მისი ანკლავია და მასთან დაკავშირება ბაქოს ეროვნული ინტერესია. საკითხი პრობლემურია სომხეთისთვის, რადგან მესამე ქვეყანას სომხეთის ტერიტორიაზე ტრასების გაკონტროლების უფლება ეძლევა. ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის პრობლემატურია, რომ რუსეთს რეგიონში აქტივობისთვის დამატებითი ბერკეტი ეძლევა. ამდენად, ეს თემა მრავალი მხრიდან არის პრობლემატური და სწორად შეფასება გვმართებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები