
სტოლტენბერგმა NATO–ს სამიტის გახსნისას საქართველოც ახსენა
14/06/2021 08:16:57 საგარეო პოლიტიკა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი დაიწყო. ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა შესავალ სიტყვაში ახსენა რუსეთის ქმედებები, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა სამიტის გახსნისას.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს და რუსეთის ურთიერთობები ცივის ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს.
„ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანია. ჩვენ ერთიანნი ვართ და ეს ძლიერი გზავნილია“,– განაცხადა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, სამიტი ალიანსისთვის გადამწყვეტ მომენტში იმართება და დღეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ეტაპი დაიწყება.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები ასევე განიხილავენ ჩინეთთან ურთიერთობას, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს ქმნის.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის ამბიციურ დღის წესრიგს – ნატო 2030, რომელიც ეხება კოლექტიური თავდაცვის და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას.
იხილეთ ასევე: თბილისის ამოცანა: რას ელიან საქართველოში NATO–ს სამიტისგან?