„დუღილის“ ეტაპი რეგიონში და საქართველოს ამოცანები

18-06-2021 02:08:21 ინტერვიუ

გასული კვირა აქტიური გამოდგა რეგიონისთვის, სადაც ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს–კვო შესაძლოა, ბოლო კონტურებსაც კი იძენს: ერთი, რომ სომხური საზოგადოებისთვის მტკივნეული – ტყვეების საკითხი ლოგიკურად ყარაბაღში ბაზირებული კონტროლისა კოორდინაციის თურქულ–რუსული ცენტრის ფორმატში უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა გაირკვა, რომ ბაქომ ერევანს 15 ტყვე სომხური ნაღმების რუკების სანაცვლოდ ამერიკული და ქართული მხარეების ჩართულობით გადასცა; მეორე – თურქეთ–აზერბაიჯანმა, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაც გააფორმეს; მთიან ყარაბაღის აზერბაიჯანის კონტროლ ქვეშ არსებულ ნაწილში – შუშაში ვიზიტისას კი მორიგ ჯერზე გააჟღერა თურქეთის ლიდერმა „3+3“ ფორმატის საკითხი და თქვა ისიც, რომ ამის შესახებ საქართველოს პრემიერსაც ესაუბრა ანკარაში. ამ ჯერზე ოფიციალურ თბილისს ერდოღანისთვის არ უპასუხია, თუმცა „აქცენტს“ ინფორმირებული წყარო უამბობს, რომ თბილისი, მათ შორის, დახურულ შეხვედრებზეც მუდმივად აფიქსირებს პოზიციას იმგვარი ფორმატის მიუღებლობის თაობაზე, რომელშიც ერთ–ერთ აქტორად რუსეთი განიხილება, აკისრებს რა მას ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას, განიხილავს აგრესორად და მთავარ საფრთხედ. ალბათ ამიტომაც, ერდოღანს საქართველოს პრემიერთან ერთად ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე არ გაუმახვილებია ყურადღება ხსენებულ პლატფორმაზე, თუმცა ისაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად. მაინც რა სიახლეები შეაქვს უკანასკნელ მოვლენებს რეგიონში გავლენათა დანაწილების კონტაქტში? რა პერსპექტივა აქვს რეგიონის რიგი ქვეყნებისთვის არასასურველ პლატფორმას და რა ამოცანები აქვს საქართველოს? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელს, ისტორიკოს ბექა კობახიძეს ესაუბრა

ტყვეები და „შუშის დეკლარაცია“

კობახიძე სომეხი ტყვეების საქართველოსა და აშშ–ის ჩართულობით გათავისუფლების საკითხს რეგიონულ პროცესებში დამატებითი აქტორების შემოყვანისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს, არ სურთ რა სომხეთსა და აზერბაიჯანს, კონფლიქტში ერთადერთი არბიტრი რუსეთი იყოს, შესაბამისად, ბოლომდე მის კეთილ ნებაზე იყვნენ დამოკიდებულნი. სწორედ ამ კონტექსტს უკავშირებს ანალიტიკოსი ორიოდ დღის წინ ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადასულ შუშაში ერდოღანსა და ალიევს შორის გაფორმებული დეკლარაციას ქვეყნებს შორის სამხედრო, სატრანსპორტო, დიპლომატიური, ეკონომიკური თანამშრომლობისა და მხარდაჭერის კომპონენტებით.

კობახიძის ანალიზით, ალიევს, რომელიც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას ცდილობს და ამის შესაძლებლობას ქვეყნის შიდა რესურსებიც აძლევს, მამისგან [ჰეიდარ ალიევი–რედ.] განსხვავებით, ტერიტორიების დაბრუნების, შესაბამისად, რუსეთის მეგობრული ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ მოუწია მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შესვლაზე დათანხმება, რაც აზერბაიჯანზე რუსეთის გავლენას ზრდის. ამდენად, ბაქოს ინტერესია, ანტიაზერბაიჯანული პოზიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში რუსული ფაქტორის დასაბალანსებლად რეგიონში სხვა მოთამაშეებიც (თურქეთი და დასავლეთი) იყვნენ წარმოდგენილები. ამდენად, „შუშის დეკლარაცია“ – ანკარის დეკლარირებული მზაობა სრული სამხედრო ჩართულობის თაობაზე, კობახიძის ხედვით, აზერბაიჯანს რუსეთთან დამოუკიდებლობას უნარჩუნებს.

რაც შეეხება ფაშინიანის მოტივაციას, კობახიძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:

„ფაშინიანმა იცის, რომ რუსეთი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მის მხარეს არაა, ამიტომ, მუდმივად აჟღერებს ეუთო–ს მინსკის ფორმატის გაცოცხლების საკითხს. არსებობს ინფორმაცია, რომ ტყვეებთან დაკავშირებით ფაშინიანმა ამერიკელების გავლით გაუკეთა ალიევს შეთავაზება, ამ უკანასკნელმაც პოზიტიურად უპასუხა და ეს გზავნილია რუსეთისთვის, რომ „ჩვენ სხვა გზებიც გვაქვს – ამერიკელები, თურქეთი, საქართველო ისევ აქ არიან და შეგვიძლია, სხვა მექანიზმები ავამოქმედოთო“. ეს რეგიონისთვისაც უკეთესია – რეგიონის სახელმწიფოებს მსგავსი მანევრირების შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისად, რუსეთის დომინანტობა არ არის ცალსახა“.

მეორე საკითხია, რისთვის არის მზად დასავლეთი? კობახიძის დაკვირვებით, დასავლელი პარტნიორები, თუ ეს რუსეთთან კონფრონტაციას არ გამოიწვევს, მზად არიან, „შეეხიდონ“ რეგიონულ მოთამაშეებს, იყვნენ ალტერნატიულ მექანიზმის საშუალება, როგორც ეს, მისი ხედვით, ტყვეების ხსენებული ფორმით გაცვლისას მოხდა.

ერდოღანი 6–წევროვან ფორმატზე კვლავ აქცენტირებს

კობახიძეს არ აქვს მოლოდინი, ოფიციალური თბილისისგან გამოითქვას მზაობა ფორმატში მონაწილეობაზე, რომლის მიზანიც ჯამში, რეგიონიდან დასავლეთის განდევნაა, თანხმდებიან რა მსგავს მიდგომაზე რეგიონული აქტორები – რუსეთი, თურქეთი, ირანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება კი სრულად დასავლეთზეა დამოკიდებული. თუმცა კობახიძე ამ შემთხვევაში ინტერესთა უცნაურ თანხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას:

„თურქეთის და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები, მათ შორის, შავ ზღვაზე, კავკასიაში არ არის ერთმანეთთან თავსებადი. პერიოდულ თანამშრომლობას ახერხებენ, როცა ორივე რეჟიმისთვის დასავლეთიდან მოდის არსებითი საფრთხე, ამჟამად მსგავსი საფრთხე არ დგას რუსეთისთვის და არაა განწყობილი, რეგიონში თავისი გავლენა, დომინაცია თურქეთს გაუზიაროს. რუსეთი თვლის, რომ თავადაა მთავარი საერთაშორისო აქტორი კავკასიაში და ამ „ექვსმხრივი“ ფორმატის განხორციელებას თავად რუსეთი უშლის ხელს, რაც რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, გარკვეულწილად, საქართველოს ინტერესებსაც ემთხვევა – მსგავსი ფორმატი ძალიან შეასუსტებდა დასავლეთის ყოფნას კავკასიაში“.

იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ფორმატის შექმნისადმი მზაობა ექვსი სახელმწიფოდან სამს – თურქეთს, აზერბაიჯანს და ირანს აქვთ დაფიქსირებული, კობახიძის ხედვით, მასში საქართველოს იძულებით ჩართვა პლატფორმას სიცოცხლისუნარიანობას ვერ შესძენს, ამიტომ ის სკეპტიკურადაა განწყობილი მისი შექმნის პროცესში აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმატებისადმი.

რაც შეეხება ერდოღანის მხარდაჭერას საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის ჯერ კიდევ არარსებული ფორმატისადმი, რომლის შესახებაც მან საქართველოს პრემიერის ანკარაში ვიზიტისას ისაუბრა, კობახიძის დაკვირვებით, ერდოღანი ლავირებს: ერთის მხრივ, სიტუაციური მოკავშირეა რუსეთის, როდესაც დასავლურ საფრთხეს, როგორც რეჟიმები ერთად უმკლავდებიან, მეორეს მხრივ, არსებობს დაუძლეველი გეოპოლიტიკური ისტორიული წინააღმდეგობები თურქეთსა და რუსეთს შორის. შესაბამისად, თუ საქართველო გამოყენებულ იქნება „ხიდად“ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ეს ამცირებს რუსეთის გავლენას აზერბაიჯანზე და რეგიონზეც, რაც თურქეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„საქართველო არის და იქნება სარეზერვო „ხიდი“ მხარეებს შორის ურთიერთობაში, თუ ისინი რუსეთისგან დისტანცირებას გადაწყვეტენ, როგორც ეს ტყვეების კონტექსტში გააკეთეს“,– ფიქრობს ანალიტიკოსი, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ რუსეთს აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში რბილი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ყოველთვის აქვს შანსი, ამ სისტემიდან საქართველო ამოაგდოს და კვლავ რუსეთის ჩართულობით წარმართოს პროცესები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში ერთგვარ ტექნიკურ როლს თამაშობდა, ანალიტიკოსი მას მნიშვნელოვნად აფასებს, რადგან მსგავსი პრეცედენტების განმეორება აახლებს ტრადიციას.

„ნაღმი“ რეგიონში

ანალიტიკოსი იმთავითვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ნახიჩევანის დერეფნის გახსნისადმი, ვერ ხედავს რა ოფიციალური ერევანი საკუთარ ინტერესს და მას განიხილავს არასაჭირო დათმობად აზერბაიჯანისა და აზერბაიჯან–თურქეთის კავშირისადმი. ამას თან ერთვის ლოჯისტიკური საკითხები, ინფრასტრუქტურის ორივე მხრიდან აღდგენა, რასაც მხარეების შესაბამისი მოტივაცია სჭირდება. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანს ნახიჩევანთან სომხური რეგიონი – სიუნიკი აშორებს. გასული წლის 10 ნოემბრის შეთანხმებით, დერეფანი უნდა გახსნილიყო, აზერბაიჯანმა ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა, თუმცა ერევანს სხვა განწყობა აქვს და ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ალიევი სამხედრო ძალის გამოყენებითაც დაიმუქრა:

„რუსეთმა ჩეჩნეთიდან ხევსურეთამდე მოიყვანა გზა იმედით, რომ საქართველოში კიდევ ერთი შესასვლელი ექნებოდა, მაგრამ საქართველომ არა და დღეს ეს ვის ახსოვს ეს მონაკვეთი? ანალოგიურად, აზერბაიჯანს შეუძლია, სიუნიკამდე მიიყვანოს გზა, მაგრამ სომხეთს არ აქვს ამგვარი მოტივაცია. თუმცა, განსხვავებით საქართველოსა და რუსეთისგან, სომხეთს დერეფნის გახსნის იურიდიული ვალდებულება აკისრია. იმთავითვე ვამბობდი, რომ ეს პუნქტი იქნება „ნაღმი“ აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის და ბერკეტი აზერბაიჯანისა და რუსეთისთვის სომხეთზე მანიპულაციისთვის“.

მართალია, მთიანი ყარაბაღისგან მოვლენებისგან განსხვავებით, რუსეთს „ოდეკაბეს“ (რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის ფორმალური საფუძველიც არ აქვს, ეხება რა საქმე სომხეთის რეგიონს და ამ ვალდებულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება თავდაყირა დააყენებს თავად „ოდეკაბეს“ სისტემას, ამიტომაც, ანალიტიკოსი პროგნოზირებს, რომ თუ რუსეთი სომხეთზე აზერბაიჯანის საშუალებით ზეწოლის საჭიროებას დაინახავს, კრემლი ამისთვის მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებს უფრო გამოიყენებს. თუმცა, კობახიძის ხედვით, მსგავსი თეორიული სცენარების არსებობაც კი ზეწოლას ქმნის სომხეთის ხელისუფლებაზე (ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში) და კრემლისადმი მაქსიმალურად ლოიალური დამოკიდებულებისკენ უბიძგებს.

„დუღილის“ ეტაპი რეგიონში

„ყარაბაღის ომის შემდეგ ახალმა სტატუს–კვომ ძირითადი სახე მიიღო, მაგრამ ბოლო კონტურები ყალიბდება. 2020 წლის 10 ნოემბრის სტატუს–კვოს ფორმით კმაყოფილია რუსეთი, მაგრამ არა თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი საქართველო და ისინი ცდილობენ, უფრო მრავალპოლუსიანი გახადონ პოლიტიკა, არ დაუშვან საბოლოო განდევნა დასავლეთის თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტიდან, საქართველო კი კავკასიურ პოლიტიკაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც დასავლეთის ნაწილი, ისე შედის.ამას ერთვის სომხეთის შიდა პროცესებიც, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები სამიოდ დღეში გაიმართება. ამდენად, ვფიქრობ, ბოლო „დუღილი“ მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩაცხრეს და რეგიონი სტაბილიზაციისკენ, ვითარება უფრო გაყინვისკენ წავა და უფრო გრძელვადიან სახეს მიიღებს. თუმცა, გაყინული კონფლიქტი ყოველთვის ფეთქებადსაშიშია: როგორც სიუნიკი, ისე ყარაბაღის სომხეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილი ყოველთვის იქნება ფეთქებადსაშიში და ვის რა მომენტში დასჭირდება მისი გააქტიურება, არავინ იცის“,– ამბობს ანალიტიკოსი.

საქართველოს ამოცანა

რაც შეიძლება მეტი დასავლეთი რეგიონში და დაბალანსებული, კარგი ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან,– პასუხობს კითხვას კობახიძე და იქვე დასძენს, რომ აზერბაიჯან–საქართველო–თურქეთის დერეფნის გამართული მუშაობა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკისთვის.

ამასთან, საქართველოს ამოცანად განიხილავს ანალიტიკოსი სომხეთისთვის მხარის ირიბად დაჭერას, რათა თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა დისტანცია დაიკავოს რუსეთთან:

„საქართველოს პლატფორმის შეთავაზება სწორედ რუსეთის პოზიციების შესუსტებას, ხოლო მასთან მიმართებით სომხეთის და აზერბაიჯანის შედარებით დამოუკიდებელ პოზიციონირებას და პროცესში დასავლეთის შემოყვანასაც უჭერს მხარს“.

რაც შეეხება რეგიონში „მეტ დასავლეთს“, პროცესს კობახიძე შემდეგნაირად ხედავს: „მაგალითად, ბაიდენი–პუტინის სამიტზე არ უხსენებიათ საქართველო, რასაც შეშფოთებით ადევნებენ თვალს როგორც საქართველოში ოპოზიციურ ფლანგზე, ისე დასავლეთში საქართველოს მხარდაჭერები. მე ამ შეშფოთებას ვერ გავიზიარებ, რადგან პრაგმატულად რომ ვთქვათ, ამ შეხვედრაზე საქართველოს ხსენება ფაქტობრივად არაფრის მომტანია. პირიქით, მხოლოდ დეკლარაციები და ვერბალურ დონეზე საუბარი პრაქტიკულ შედეგებს არ იძლევა, მეორეს მხრივ კი იწვევს რუსული პოლიტიკის გააქტიურებას და ამის შედეგები გნებავთ 1918–1921, 2000–იანი წლებში ვიზილეთ – რუსეთი მზად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მეტი დააშავოს საქართველოსთვის, ვიდრე დასავლეთი – გააკეთოს. ამდენად, რეგიონში მეტი დასავლეთის ყოფნა ნიშნავს, რომ გვჭირდება ორმხრივ ჭრილში (რუსეთის გარეშე) მეტი მექანიზმები, მათ შორის, ძალიან გვჭირდება აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება (ამაზე უნდა ვიმუშაოთ); ისევე, როგორც თურქეთმა და აზერბაიჯანმა გააფორმეს „შუშის დეკლარაცია, როგორც ისრაელსა და აშშ–ს შორს არსებობს სამხედრო ურთიერთობები, ჩვენც გვჭირდება უფრო მაღალი დონის სამხედრო თანამშრომლობა დასავლეთთან, განსაკუთრებით, აშშ–სთან, რისი პროგრამა მაქსიმუმიც შეიძლება, იყოს ამერიკული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. ეს საკითხები კი არა ბაიდენის–პუტინის შეხვედრაზე, საქართველო–აშშ–ის ურთიერთობაში უნდა გაირკვეს, ესაა კრიტიკული წერტილი და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ პროაქტიულები“.

თუმცა კობახიძე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის საერთაშორისო დისკურსიდან, საერთაშორისო კონტექსტიდან ამოღებისკენაა მიმართული, რაც სტატუს–კვოს შეცვლას ხელს არ უწყობს, მით უფრო, რომ სტატუს–კვო „ყველას აწყობს“:

„დღეს დასავლეთისთვის რუსეთთან ფრონტის ხაზი არის უკრაინა: უკრაინის დათმობის შემთხვევაში ჯერი ბალტიის სახელმწიფოებზე და პოლონეთზე მიდგება, რასაც დასავლეთი არ დაუშვებს. ბაიდენის ამოსავალი წერტილია, რომ ეს სტატუს–კვო არ შეიცვალოს, მაგრამ მეორეს მხრივ, „ღობის“ მეორე – რუსულ მხარეს რჩება საქართველო მძიმე პერსპექტივით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები