„რეგიონიდან დასავლეთის გასვლის დიდი ალბათობა წარმოიშვა, თუმცა ხავსს ჯერ კიდევ ვეჭიდებით“

23-12-2020 00:05:48 ანალიზი

შიდაპოლიტიკურ. ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა გვრჩება მოვლენები, რომლებიც აქვე – ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს და არცთუ შორეულ მომავალში ჩვენს ცხოვრებაზე უთოუდ მოახდენს გავლენას. რეგიონში მიმდინარებს არასასურველი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, გავლენების გაფართოება, ანონსდება ახალი ალიანსები. ასე, მაგალითად, ბაქოში ამასწინანდელი ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “ექვსთა კავშირის” (თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სურვილის შემთხვევაში სომხეთის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის) ჩამოყალიბების ინიციატივა გააჟღერა. "თურქეთთან, რუსეთთან, საქართველოსთან, ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად სომხეთსაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ რეგიონულ პლატფორმაში, თუ ეს ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას" – აღნიშნა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე თვლის, რომ ერდოღანის განაცხადი ყარაბაღის ამასწინანდელი მეორე ომის ლოგიკური გაგრძელებაა - რეგიონის მომავლის რეგიონალიზაცია.

რას გულისხმობს რეგიონის მომავლის რეგიონალიზაცია

კობახიძის შეფასებით, ყარაბაღის ომის განმავლობაში რუსეთი და თურქეთი ცდილობდნენ, კონფლიქტი დასავლეთის ჩართულობის გარეშე გადაეწყვიტათ და ამ მოძრაობას თავისი ნეიტრალიტეტით ირანმაც აუბა მხარი (ამ სამი სახელმწიფოდან საერთაშორისო ურთიერთობებში ლიბერალიზმს საკუთარ მოძღვრებად არც ერთი არ აღიარებს, სამივე რეალპოლიტიკას, გავლენის სფეროებს უჭერს მხარს). კობახიძე ეუთო–ს მინსკის ჯგუფთან მიმართებაში ალიევის პოზიციასაც იხსენებს, “ჯგუფი რომ ახლა ყალიბდებოდეს, საფრანგეთი და აშშ თანათავმჯდომარეები არ იქნებოდნენ, კონფლიქტი რეგიონის დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონო“. ანალიტიკოსის აზრით, ვინაიდან დასავლეთი აზერბაიჯანისგან მეტ გახსნილობას, მეტ დემოკრატიულობას მოითხოვს, რეგიონიდან დასავლეთის ჩამოშორება ალიევის რეჟიმს მეტად უსაფრთხოდ აგრძობინებს თავს, მით უფრო, რომ მას რუსეთთან ურთიერთობა „დალაგებული» აქვს და გააჩნია რწმენა, რომ საჭიროების შემთხვევაში მის უკან თურქეთი იქნება:

„ერდოღანისა და რუსეთისთვის, როგორც ანტიდასავლური ძალებისთვის, ამოცანაა, დასავლეთი განდევნონ, როგორც ამას სირიაში აკეთებენ. ისინი შესაძლოა, სირიასა და ლიბიაში მოწინაამდეგე მხარეების უკან იდგნენ, მაგრამ თანხმდებიან იდეაში, რომ თავად არიან პოლიტიკის შემქმნელები და დასავლეთს რეგიონიდან დევნიან. ანალოგიურად მოხდა ყარაბაღის შემთხვევაშიც: საერთაშორისო ფორმატმა – ეუთო–ს მინსკის ჯგუფმა ვერანაირი როლი ვერ ითამაშა. სწორედ რომ ერთობლივი (ერდოთანის, პუტინის და ალიევის) გადაწყვეტილებაა, რომ მექანიზმი ფაქტობრივად ჩაიკლა. სანაცვლოდ იქმნება მონიტორინგის ცენტრი სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის ჩართულობით, რომელიც იქნება ურთიერთობის დარეგულირების მექანიზმი ყარაბაღის ზონაში“.

კობახიძის აზრით, სწორედ ხსენებული მექანიზმის რეგიონის მასშტაბით გავრცელებაზე საუბრობენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები, რომ რეგიონული გადაწყვეტილებები რეგიონშივე – ექვსი სახელმწიფოს ჩართულობით იქნას მიღებული.

სიმარტოვე რეგიონში

ის ფაქტი, რომ ჯერ–ჯერობით შესაბამისი განცხადებები მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან გაკეთდა, კობახიძეს ნიადაგის მოსინჯვის შთაბეჭდილებას უტოვებს. ანალიტიკოსი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ პროცესს გარკვეული ორგანიზაციული სახე არ მიუღია, თუმცა თვლის, რომ თუ დასავლეთი კავკასიაში თავის ყოფნას უფრო სოლიდურად არ დააფიქსირებს, ის, რომ რეგიონის საკითხებს რეგიონისვე დიდი სახელმწიფოები წყვეტენ, ფაქტობრივი მოცემულობა გახდება, მსგავს ვითარებაში კი საქართველოსთვის არცთუ პოზიტიური პერსპექტივის განჭვრეტაა შესაძლებელი:

„თუ მსგავსი რამ მართლაც შეიქმნა, ყველაზე წაგებული საქართველო რჩება: აზერბაიჯანის უკან დგას თურქეთი, სომხეთის უკან – რუსეთი (თუმცა ესეც პირობითია – სომხეთმა მუდმივად უნდა „იყიდოს“ რუსეთის კეთილგანწყობა), საქართველოს უკან კი არავინ დგას, გარდა დასავლეთისა. საქართველო პოლიტიკურად, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად არის დასავლეთზე დამოკიდებული, ამდენად, კავკასიიდან დასავლეთის განდევნა და მსგავსი ახალი ფრმატების შექმნა ჩვენს ქვეყანას მტრულ გარემოში მარტოს, დაუცველს დატოვებს. მარტოდ დარჩენა კი ნიშნავს უკან სვლას, შესაბამისად, წლების კარგვას, მოწყვლადობას, ეკონომიკურად ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების ვერ გატანას რეგიონის ფარგლებშიც კი.

ბუნებრივია, საქართველომ უნდა გააგრძელოს პარტნიორული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, თურქეთთან, კეთილმეზობლური – სომხეთთან და ირანთან, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევს ხელს, რაღაც ახალი ფორმატების მონაწილე გავხდეთ. ჯერ უნდა ვნახოთ, ეს ფორმატი შეიძენს თუ არა და თუ შეიძენს, რა ფორმას, დასავლეთი საქართველოსთნ მიმართებაში აჩვენებს თუ არა აქტიურობას, – ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ წინასწარი განწყობები მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზნის საფუძველს არ ბადებს“.

მოქმედების არეალი

ამ კუთხით კობახიძე პატარა ქვეყნისთვის ფართო არეალს ვერ ხედავს, შესაბამისად, ფიქრობს, რომ შიდა ორგანიზებულობას, მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება:

„რამდენიმე კვირაში აშშ–ში ახალი ადმინისტრაცია გადაიბარებს ხელისუფლებას და ვნახოთ, რამდენად სერიოზული იქნება რეგიონთან მიმართებაში მათი განაცხადი. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების გუნდი ურიგოდ არ გამოიყურება, თუმცა პრეზიდენტი ძირითადად გლობალური დათბობის თემებზე საუბრობს, რაც პირადად მე, ცოტა არ იყოს, მაშფოთებს. დაველოდოთ, რა იქნება“.

დღევანდელი გადასახედიდან, კობახიძე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებაზე სერიოზულ მუშაობას არ ელის, რადგან არც «ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ხედავს მსგავს სურვილს და არც აშშ–ის ახალ ადმინისტრაციას ამჩნევს მსგავს განწყობას. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს შეუძლია, იმუშავოს თავისუფალ ვაჭრობაზე (რაც ჯერ კიდევ 2011 წელს ახსენა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ობამამ და უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის), დაიწყოს საუბარი იარაღის შესყიდვაზე, სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა კი მუდმივად მიმართონ აშშ-ს, რათა მან საქართველოში დემოკრატიას მიაქციოს ყურადღება.

«თუ ამ სამიდან ორს მაინც გავატარებინებთ აშშ–ს, ეს მნიშვნელოვანი იქნება და გარკვეულწილად ამ რეგიონში დასავლეთის ყოფნას მეტ–ნაკლებად დააფიქსირებს. იმედი დავიტოვოთ, რომ მარტოდ არ დავრჩებით“,– ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ „რეგიონიდან დასავლეთის გასვლის დიდი ალბათობა წარმოიშვა, თუმცა ჩვენ ხავსს ჯერ კიდევ ვეჭიდებით“.

კობახიძის აზრით, საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ორი სახის ცვლილება იქნება მნიშვნელოვანი:

  • 1) თურქეთში შეიცვალოს ხელისუფლება და დაბრუნდეს რესპუბლიკური მიმართულება – ხელისუფლებაში მოვიდნენ ე.წ. ქემალისტები, რომლებიც თურქეთს საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლეთის ნაწილად მოიაზრებენ: «ასეთ შემთხვევაში თურქეთი კავკასიაში იმოქმედებს ისე, როგორც დასავლური სახელმწიფო. ამასთან, მათ პირობებში თურქეთი გახსნის შესაძლებლობას, აშშ–მა შავი ზღვის აკვატორიაში თავი უფრო სერიოზულად დაიმკვიდროს, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია».
  • 2) აშშ–მა გაბედული ქმედებები განახორციელოს: „მსგავსი ცვლილებების გარეშე ძალიან პესიმისტირად ვუყურებ მომავალს. არ მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთში შეიცვლება რამე, ან ევროკავშირის მხრიდან მეტ აქტიურობას ექნება ადგილი, მაგრამ თურქეთში ვითარება ფეთქებადია და იქ რაღაც ეტაპზე შესაძლოა, ცვლილება მოხდეს, ან ამერიკამ მეტი აქტიურობა დაიწყოს“.

რეგიონული ცვლილებების გამოძახილი საქართველოში

კობახიძის აზრით, საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ლიბერალიზმის დასუსტებასა და რეგიონის დასავლეთისგან იზოლაციაში გამოიხატება, პირდაპირ აისახება საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაზე. მეტიც, ანალიტიკოსის შეფასებით, შექმნილმა ვითარებამ საქართველოში შიდა პოლიტიკასა და დემოკრატიის ხარისხზე გარკვეული ასახვა უკვე ჰპოვა, რაც შიდა პოლიტიკურ კრიზისსა და ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების რეაგირებაში (რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც პარტიებს დაფინანსების შეწყვეტას და მსხვილ ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას უქადის) გამოიხატა:

„როდესაც დასავლეთი რეგიონში აქტიურობას ასუსტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ სურს რუსეთთან საქართველოს გამო კონფრონტაციაში შესვლა და სურს, საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან მსგავს დაბრკოლებებს არ ქმნის. ასეთი ხელისუფლება უკვე გვყავს, რომელიც არც ერთი მიმართულებით არ აქტიურობს და მსგავს პირობებში „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მხარდაჭერაც ექნება - სამწუხაროდ, დასავლეთის ელჩების მხრიდან ამას ვხედავთ. რეგიონიდან დასავლეთის გათიშვის პირობებში კი ჩვენი შიდა დემოკრატია სუსტდება, რადგან ის რეალურად, დასავლეთის ჩართულობაზე დგას. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ იტყოდა უარს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაზე, მაგრამ მათ ამის რესურსი დასავლეთის ფაქტორის გათვალისწინებით არ ჰქონდათ. ხოლო თუ რეგიონში დასავლეთის ყოფნა შესუსტდება, დასავლეთი მზად იქნება, დემოკრატიული ნორმების დარღვევაზე თვალი დახუჭოს, რათა რუსეთისადმი შედარებით რბილად განწყობილი ხელისუფლება შეინარჩუნოს, გაუარესდება დემოკრატიის ხარისხი და სწორედ ამიტომ ბედავს ხელისუფლება მსგავს რამეს, რასაც უკვე ვადევნებთ თვალს. ჩემი ღრმა რწმენით, მსგავს აქტივობებს 2016 წლის არჩევნების წინ ხელისუფლება ვერ გაბედავდა, რადგან საერთაშორისო ჩართულობა სხვაგვარი იყო. ახლა კი, ვინაიდან საერთაშორისო კონტექსტი იცვლება, უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლება თავს უარესის გაკეთების უფლებასაც მისცემს“.

რატომ აქვთ ელჩებს ლოიალური პოზიცია

კობახიძე ფიქრობს, რომ მსგავს პოზიციას სამი ფაქტორი განაპირობებს:

  • «არის რისკი, რომ დასავლეთი ფაქტობრივად, ნებით გავიდეს რეგიონიდან, მას არავითარი აქტივობა არ გამოუჩენია: მაგალითად, სომხეთში თუ ფაშინიანი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, განჭვრეტად მომავალში სომხეთის სათავეში პროდასავლური ხელისუფლება ვერ მოექცევა. ახლა მას სერიოზული დახმარება სჭირდება – მინიმუმ 2 მილიირდი დოლარი, რომ ეკონომიკამ რეაბილიტაცია განიცადოს, თუმცა დასავლეთი ინტერესს არ იჩენს. პარალელურად იზრდება თურქეთის და რუსეთის გავლენა. რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთს არ სურს, საქართველო რუსეთთან დაპირისპირების საგანი იყოს, ამისთვის კი სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მსგავს დაპირისპირებას არ შექმნის.
  • მეორე – დასავლელ ელჩებს პირველი რიგის ამოცანად აქვთ ქვეყანასთან (ქვეყნის სათავეში მყოფ ხელისუფლებასთან) მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და არა ის, რომ აამოს ოპოზიციას. წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში გარკვეული ძალადობა იყო, არც 2008 წლის არჩევნები ჩატარებულა ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, მაგრამ ადგილობრივი ელჩები ხელისუფლებისადმი მაინც ლოიალურად იყვნენ განწყობილები. ახალი ხელისუფლების პირობებშიც მსგავსი დამოკიდებულება იქნება.
  • მესამე არგუმენტი კი ოპოზიციის ინფანტილიზმს უკავშირდება: ბოიკოტის იმ სახით, იმ დროს და იმ ფორმით გამოცხადება, როგორც გამოცხადდა, სრულიად ნეიტრალურ ვითარებაშიც კი სრულიად გაუგებარი იქნებოდა დასავლელი დიპლომატებისთვის: ბოიკოტი გამოცხადდა პირობებში, როდესაც არც საუბნო კომისიებში ყოფილა სარჩელები შეტანილი, არც სასამართლოებში. ლეგალური გზით ნაბრძოლი არც იყო. გამოვიდა, თითქოს ბოიკოტს აცხადებენ იმიტომ, რომ შედეგი არ მოსწონთ. პირველ ეტაპზე საბუთის წარმოდგენის მცდელობაც არ ყოფილა, რამაც თავიდანვე ნეგატიური დამოკიდებულება შექმნა, მით უმეტეს, რომ ეგზიტპოლები მანცდამაინც არ სცდებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს. ემოციის ენა დიპლომატებს არ ესმით. გასაგებია, რომ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ გვაქვს, მაგრამ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაც თავისთავად არგუმენტია და ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე მეტყველებს. არც პროტესტის უკან დგას ჯერ–ჯერობით 100 000–ობით ადამიანი».

რეგიონიდან გასვლის რისკის საფუძვლები

კობახიძის დკვირვებით, წარმოქმნილ რისკებს თავისი ისტორია აქვს: «საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთის გაფართოების მიმართ იდეალისტური დამოკიდებულება იყო, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები დემოკრატიზაციას განიცდიდნენ და ერთი დიდი ლიბერალურ–დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გახდებოდნენ. იყო მნიშვნელოვანი ჩართულობაც, თუმცა ინტეგრაციის პროცესს მოჰყვა სირთულეები, მათ შორის – შრომითი მიგრაცია, კრიმინალის ზრდა, ეკონომიკური პრობლემები... დასავლეთში მოქალაქეებს „აუტკიებელი თავი ასტიკვდათ“ და ხსენებული გაფართოების მიმართულებით სკეპტიკური ხმებიც გაძლიერდა. მეორეს მხრივ გაძლიერდნენ ანტიდასავლური სისტემები. მათმა გაძლიერებამ, ბუნებივია, დასავლური ლიბერალური სისტემის დასუსტება გამოიწვია. ვიცით 2008 – 2014 წლების მოვლენები [აგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია – რედ.]... ახლა დასავლეთისთვის მთავარია, რუსეთის აგრესიის ნატო–ს და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე გადადინება არ მოხდეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები