
რას უპირისპირებს კრემლის „ოცნებას“ თბილისი?
28/07/2021 14:48:07 ანალიზი
“რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის მზარდ გავლენას დაუპირისპირდება” – ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ამ დრომდე არ მოჰყოლია, აი საექსპერტო საზოგადოება კი სერიოზულადაა შეშფოთებული.
„ზოგიერთი ქვეყნების ქმედებები დსთ-ის სივრცეში სადეზინტეგრაციო პროცესების სტიმულირებაზე და რუსეთისგან მისი ტრადიციული მოკავშირეების მოწყვეტაზეა მიმართული”– განაცხადა ნურგალიევმა, რომელიც ამ დღეებში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს სტუმრობს. «Российская газета»-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან მკაფიოდ მიანიშნა იმაზე, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ ამასწინათ დამტკიცებული დოკუმენტი – ეროვნული უშიშროების ახალი სტრატეგია სწორედ ამ “საფრთხის” ნიველირებაზეა აგებული.
“რუსეთთან ტრადიციული კავშირების რღვევის მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევის” კონტექსტში მან საქართველოსა და უკრაინაზე მოახდინა აქცენტირება: “აშშ ევროკავშირის წევრებთან კოორდინაციით არ წყვეტს დსთ-ის ქვეყნებზე ზეწოლის მცდელობებს, რათა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნოვანი კავშირები დაარღვიოს და ჩვენი ერთობლივი გამარჯვებების ისტორია გააყალბოს. რითაა საშიში მსგავსი რღვევა – საქართველოსა და უკრაინის მაგალითებზე ვხედავთ, სადაც არასტაბილურ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას, მრეწველობის სრულ ჩამოშლას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნას, უკრაინის შემთხვევაში კი შეიარაღებულ კონფლიქტსაც ვადევნებთ თვალს”.
ანალოგიური შინაარსის განცხადება მიმდინარე წლის მარტში რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა სერგეი ნარიშკინმაც გააკეთა, რომელიც იმჟამად ქართულ საექსპერტო წრეებში ჰიბრიდული ომის ახალი ეტაპის დაწყებად შეფასდა:
იხილეთ ასევე: „მიგვანიშნეს, რომ ახლა იწყებენ მღვრიე წყალში თევზაობას“ – რას ნიშნავდა კრემლის ახალი გზავნილი
„აშშ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების “ხელის რეჟიმში” მართვას, იმის კარნახს, როგორ უნდა იფუნქციონიროს ხელისუფლებამ და რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებაში. ბოლო დროს ვაშინგტონში უკმაყოფილება იზრდება საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიმართ, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს. თეთრ სახლში გაღიზანებულები არიან იმით, რომ “მეოცნებეები” არასრულფასოვნად ასრულებენ ევროატლანტიკური კურსის განუხრელად და უსიტყვოდ გატარების დავალებას”.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ კრემლი ღია მოქმედებებზე გადავიდა:
„ისინი ახლა ღიად ამბობენ იმას, რასაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ხანებში არ ლაპარაკობდნენ. ადრე პუტინიც კი საუბრობდა რუსეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. ნელ–ნელა მოახდინა ნეოიმპერიულმა რევანშიზმმა თავის, როგორც დასავლეთის მტრის პოზიციონირება. სწორედ ამ კონტექსტშია ეს ყველაფერი ნათქვამი. ღიად ამბობენ იმას, რასაც ფარულად აკეთებდნენ სპეც–ოპერაციების გზით. ანუ ღია ქმედებაზე გადავიდნენ“.
რაც შეეხება რუსი ჩინოვნიკის მიერ ნახსენებ „ტრადიციულ მოკავშირეებს“, ფილოსოფოსისთვის ღიმილის მომგვრელია:
„ტრადიციული მოკავშირე“ პირველივე შესაძლებლობისთანავე არ გადავიდოდა შენი „ტრადიციული მეტოქის“ მხარეს. რუსული მარადიული ილუზიაა, რომ ყველას უყვარს, გარდა რამდენიმე ცუდი ადამიანისა და ეს რამდენიმე ცუდი ადამიანი სხვებს ახვევს საკუთარ ნებას. ის ეშმაკეული, ბოროტია“.
ისმის კითხვა, რას უპირისპირებს კრემლის მცდელობებს თბილისი? ამ თვალსაზრისით საქმე არც თუ სახარბიელოდ უნდა გვქონდეს, მით უფრო, უკანასკნელი დრამატული მოვლენების ფონზე. თუ მანამდე პროცესზე დამკვირვებლები ხელისუფლებას პრორუსულ ჯგუფებთან ალიანსზე ეჭვებს გამოთქვამდნენ და მოჰყავდათ რიგი მაგალითები, მათ შორის „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლების მხარდაჭერაში შემჩნეული ათობით არაავთენტური გვერდის დაბლოკვას, რომლებიც ასევე ცდილობდნენ საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებისთვის დარტყმის მიყენებას, 5–6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მათთვის სურათი უფრო მკაფიო გახდა: საქართველოს დეკლარირებული საგარეო კურსისადმი ნეგატიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ერთი დღით ფაქტობრივად დაიკავეს თბილისი, ძალადობდნენ, მათ შორის, ჟურნალისტებზე, დემონსტრაციულად ორჯერ დაწვეს ევროკავშირის პარლამენტის წინ დაკიდებული დროშა (ვანდალიზმისთვის პასუხი არ დრომდე არავის უგია) და მას შემდეგ აღნიშნული ჟესტი ერთგვარ კამპანიად იქცა. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე ძალადობრივი აქტებისთვის ერთეული პირია პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ არც ერთი ორგანიზატორი. ხელისუფლებამ კი „ეროვნულის“ მანტია მოისხა და კრიტიკოსები ქვეყნის და ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და ერთგვარად ხელი შეუწყო რუსულ პროპაგანდას საქართველოს ფასეულობებთან ევროკავშირის თანხვედრის არარსებობის თაობაზე. და ბოლოს, სრულიად მოულოდნელად, 28 ივლისს მმართველმა პარტიამ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც სტრატეგიულმა პარტნიორებმა ხანგრძლივი დრო, რესურსი, ძალისხმევა დახარჯეს და რომელიც განიხილებოდა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულების, ხოლო ევროკავშირთან და ნატოს–თან დაახლოების გზად. „ოცნების“ სკანდალური გადაწყვეტილება ქართულ ანალიტიკურ წრეებში უკვე შეფასდა დეკლარირებულ კურსზე უარის ღიად თქმად და ევროკავშირის ხისტი რეაგირების მოლოდინში არიან. ამ დრამატული მოვლენების ფონზე კი ცნობაა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს, რომელიც თავის დროზე „რუსოფობიის“ მოგონილი საბაბით შეჩერდა.
იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?