მეტი, ვიდრე 300 მილიონი: „ჯაჭვური რეაქციის“ მოლოდინი საქართველოში

01-09-2021 16:02:56 ეკონომიკა ,ანალიზი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მკაფიო განმარტების შემდეგ –„საქართველომ ვერ შეასრულა მაკროფინანსური პაკეტის მეორე ტრანშის პირობა – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, დამარეჯერებელი გახდა მანამდე არსებული საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადა, წინმსწრები უარით აევლო გვერდი ერთგვარი სანქციისთვის, რომელიც საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ხოლო ევროპარლამენტარების არასწორ ინფორმირებაში ევროპის „სახალხო პარტია“ დაადანაშაულა. თუმცა უჭირთ განმარტება, რატომ ვერ ახერხებს მმართველი გუნდი „დეზინფორმაციული კამპანიის“ ანულირებას, მით უფრო, თუ სიმართლე მათ მხარესაა, ხოლო სასწორზე ქვეყნის რეპუტაცია დევს.

ამასთან, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ არ ამჟღავნებს მიმღებლობას სასამართლოს კრიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ურთიერთობებში საკვანძო საკითხად ჩამოყალიბდა, ირწმუნება რა, რომ „საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემასო“ და ჯიუტად აგრძელებს, „რეფორმები ჩატარდა და გაგრძელდებაო“. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი ჟურნალისტების მოგერიება მათი კითხვაში "წავარჯიშებით“ სცადა: „მინდა, კარგად ვისწავლოთ განცხადებების კითხვა, რომელსაც პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს საქართველომ გადაუხვია დასავლურ კურსს“,– თქვა ზალკალიანმა, თუმცა მოუწია აღიარება, რეფორმების კონტექსტში „განსხვავებული აღქმებია ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობასო“.

რეალურად ვის აქვს წაკითხულის გააზრების და გზავნილის სიმძაფრის აღქმის პრობლემა, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთობ "უცნაურია", ერთის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიას აგებდე გზავნილზე, „2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადსო“, მეორეს მხრივ – პარტნიორ ორგანიზაციასთან პრობლემურ ურთიერთობებში შეხვიდე, გიწევდეს მტკიცება, „საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრებაო“ და არგუმენტად საქართველოს კონსტიტუცია მოგყავდეს, რომელიც, როგორც ქართული პრაქტიკა აჩვენებს, ფურცელზე დატანილ ტექსტად იქცა ბევრი გადაუჭრელი საკითხის გამო: იქნება ეს თანასწორობა, გამოხატვის თავისუფლება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თუ ზოგადად, კანონის უზენაესობა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს პრემიერისგან განსხვავებით, ღრმა კრიზისს ხედავენ საქართველოში (და არა მარტო) პროცესზე დამკვირვებლები და შიშობენ, რომ ევროკავშირ–საქართველოს ურთიერთობებში მსგავსი დაძაბულობა „ჯაჭვური რეაქციის“ პრინციპით იმოქმედებს სხვა მიმართულებებზე, მათ შორის, დონორი ორგანიზაციების განწყობებზე, პოტენციურ ინვესტორებზე. აღნიშნულ არაკეთილსაიმედო პროგნოზს იზიარებს გიორგი კეპულაძეც. კერძოდ, როგორც “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი „აქცენტთან“ აღნიშნავს, სავსებით რეალურია რისკი, მსგავსმა ნაბიჯებმა გამოიწვიოს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუარესება, ამასთან, ვინაიდან საქართველომ ტრანშის პირობები ვერ დააკმაყოფილა, პრობლემები სხვა მიმართულებებითაც შეიქმნას:

„ახალი დონორი, ინვესტორი, რომელიც ქვეყანაში აპირებს შემოსვლას და მოიძიებს ქვეყნის შესახებ ცნობებს, რა სახის ინფორმაციას მიიღებს? ხედავს ევროკავშირის კრიტიკულ შეფასებებს, პირობების შეუსრულებლობას და ბუნებრივია, საკითხს ფრთხილად მოეკიდება. ევროკავშირთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ფინანსური ნაწილი. მიუხედავად იმისა, 300 მილიონი ლარი მსხვილი თანხა არაა, მას მეტად აქვს პოლიტიკური, რეპუტაციული დატვირთვა. საუბარია სამომავლო ურთიერთობებზე, საქართველოს განვითარებაზე. ამდენად, ჯერ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა პირობები, შემდეგ კი უტიფრად პოზიციონირებს, „თავად ვთქვით უარი, რადგან ეკონომიკა დუღსო“ – „თვალებში ნაცრის“ შეყრაა, რომელიც ევროკავშირმა არ აპატია და იმავე დღეს მიანიშნეს პირობების შეუსრულებლობაზე. სამწუხაროდ, მოკლევადიან პიარზე გათვლილი ფაქტობრივი ტყუილი გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და აუცილებლად დააზიანებს „ქართულ ოცნებასაც“. მმართველი გუნდი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფინანსურ დახმარებას, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალს: მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის წირავს ქვეყნის ინტერესებს“.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების აპელირებას ეკონომიკურ ზრდაზე, კეპულაძე განმარტავს, რომ შარშანდელ ჩავარდნილ წელთან შედარებით შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა იყოს, მაგრამ ერთი, რომ ის ძალიან გვიან აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე და მეორე – მაღალი ინფლაცია მთლიანად შთანთქავს ეკონომიკური ზრდის ეფექტს:

„არსებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც შარშანდელ ჩავარდნილ წელთან შედარებით გვაქვს, მთლიანად „შეჭამა“ 12%–იანმა ინფლაციამ, რომელიც პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეებზე: პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე კიდევ მეტადაა ფასები გაზრდილი, უმუშევარი დარჩა მეტი ადამიანი, ვიდრე შარშან, შემოსავლები არ გაზრდილა, რადგან გაურკვევლობაა, ბიზნესს გრძელვადიანი განჭვრეტადობა არ აქვს, ერიდებიან საკუთარ ბიზნესში რეინვესტირებას, ახალი ადამიანების დასაქმებას და სწორედ ესაა პრობლემა. ამდენად, მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური გზავნილები, რომ ქვეყანა თითქოს ვითარდება, მაგრამ მოქალაქეებისთვის საუკეთესო საზომი საკუთარი მაცივარია. ამდენად, ადეკვატურობა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა დაკარგონ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები